
საბერძნეთის ქალაქ კალიმატაში დაკავებული 24 წლის ქართველი გოგოს ჩვენების დეტალები ცნობილი ხდება. მან დეტალურად აღწერა, თუ რა გააკეთა მას შემდეგ, რაც ახალშობილი ნაგვის ურნაში გადააგდო.
როგორც ირკვევა ახალგაზრდა ქალმა ბავშვის დატოვება თავიდან ომონიაზე სცადა, მაგრამ ვერ შეძლო და შემდეგ კალამატაში დაბრუნდა.
"ბავშვი ქაღალდის ჩანთაში ისევე ჩავსვი, როგორც მყავდა, ჩაცმული და საბანში შეხვეული. ნაგავში დაუფიქრებლად ჩავაგდე და შიგნით ჩავიხედე. ჩანთას ვხედავდი, მაგრამ ბავშვის თავს ვერა, ცოტა სინათლე იყო. არ გამიგია, რომ ეტირა, შეიძლება იტირა კიდეც, მაგრამ არ გამიგია ხმა. დავხურე და ტირილით წავედი. არ ვიცოდი, რას ვაკეთებდი. უიმედოდ ვიყავი...
შემდეგ ეკლესიაში წავედი და გამუდმებით ვტიროდი. როცა გარეთ გამოვედი, პოლიციელებმა მიპოვეს და მათ მაშინვე მოვუყევი რაც მოხდა, ვკითხე, თუ იცოდნენ, როგორ იყო ბავშვი. მათ მითხრეს, რომ კარგად იყო და ამოვისუნთქე. არ ვიცი, ეს რატომ და როგორ გავაკეთე. დროის დაბრუნება რომ შემეძლოს, ბავშვს არასდროს გადავაგდებდი..." - ამბობს ქართველი გოგო.