
ორი პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული შალვა აბულაძე საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში აღიარებს, რომ 2007 წელს პოლიციის თანამშრომლის მკვლელობისთვის უდანაშაულო მოქალაქე არჩილ სახვაძე გაასამართლეს.
მან, არჩადენილი დანაშაულისთვის 11-წლიანი სასჯელი მოიხადა.
წერილში აღნიშნულია, რომ რეალურად სამართალდამცველი შალვა აბულაძის თანამზრახველმა მოკლა, გამოძიებამ კი არჩილ სახვაძეს საქმე "შეუკერა".
სკანდალურ წერილში აბულაძე, მეტსახელად "შალალო" სხვა მძიმე დანაშაულებებსაც აღიარებს. ამჟამად, მას 2015 წელს ბორჯომსა და თბილისში ორი პოლიციელის - გიორგი ბერუაშვილისა და ბექა მარგიშვილის მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი.
სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულებაში ყოფნიდან 4 წლის შემდეგ პატიმარი „შალალო" იმ დანაშაულებების შესახებ საუბრობს, რომლებიც მას 2000-2006 წლებში აქვს ჩადენილი. ამასთან, იგი ამავე წერილში აცხადებს, მის მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამო სამართალდამცველებმა სხვა, უდანაშაულო პირები გაასამართლეს.
„2000-2006 წლებში მე, შალვა აბულაძემ, ჩავიდინე შემდეგი დანაშაულებები:
1) დავაყაჩაღე გერმანიის მოქალაქე - პიტერ შიოშელე;
2) დავაყაჩაღე ქალბატონ ნინო ბურჯანაძის ოჯახი;
3) დავაყაჩაღე პარლამენტარისა და ბიზნესმენის, ბესო ჯუღელის ოჯახი;
4) დავაყაჩაღე პარლამენტარ მამუკა სვანიძის ოჯახი;
5) შევეცადე, გამეტაციბინა „თბილგაზის" დირექტორი, ვახო ვახრამიშვილი, რის გამოც ფალიაშვილის ქუჩაზე ალყის გარღვევისას 5 პოლიციელი დაიჭრა;
6) თავს დავესხი ქვეყნის ეკონომიკის შესუსტების ხარჯზე გამდიდრებულ ბიზნესმენის, ზაზა ბაირამოვის ოჯახს და მის საკუთრებაში მყოფ ტრაილერებს, რომლითაც საქართველოდან თურქეთში ფული გაჰქონდათ. ამ ინციდენტის შედეგად დაიჭრა 9 ადამიანი - თათრები;
7) თავს დავესხი „კონსტანტა ბანკს", თავდასხმის დროს ჩემთან ერთად იმყოფებოდა ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი უფროსი, გოჩა ბოხუა;
8) გავიტაცე ბიზნესმენი თამაზ გელაშვილი;
9) ჩემმა უწესო და უმორალო თანამზრახველმა, ს.ბ.-მ მოკლა პატრულის თანამშრომელი, რის გამოც თერთმეტწლიანი სასჯელი მოიხადა სრულიად უდანაშაულო ადამიანმა, არჩილ სახვაძემ. გამოძიებას ამ სქემაზე მკვლელობის იარაღის ადგილსამყოფელიც დავუსახელე, მაგრამ ისე ეშინიათ, დროს წელავენ, რათა ფაქტების გაქრობა მოახერხონ. თუმცა, ჯოკერს რას უზამენ, რომელიც ჯერ არავისთვის მიჩვენებია? ეს ყველაფერი გათვლილია, - წერს მსჯავრდებული.
აღსანიშნავია, რომ არჩილ სახვაძე პოლიციელის მკვლელობასთან კავშირს იმთავითვე კატეგორიულად უარყოფდა. მან საქმე სტრასბურგის სასამართლოშიც გაასაჩივრა, რის გამოც, 2010 წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სხვა პატიმრებთან ერთდ სასტიკად აწამეს.
წყარო: "დაიჯესტი"