
უვადო პატიმარი ვლადიმერ ზაზაძე 39 წლისაა და სასჯელს 2 ადამიანის მკვლელობისთვის იხდის. ამ პერიოდში ოჯახიც შექმნა, შვილიც გაზარდა, მეურნეობასაც ეწევა და საკუთარ თავს უზრუნველყოფს.
"20 წლის ვიყავი, როცა დამაპატიმრეს. 2 ადამიანი მოვკალი. სავალდებულო სამხედრო სამსახურში ვიყავი. მაშინ ჯერ კიდევ ე.წ. „დედოვშინა“ იყო. ერთმა ჯარისკაცმა ჩემი დაჩაგვრა მოინდომა და ამის გამო მასთან შელაპარაკება მომიხდა. იმისათვის, რომ ჩვენი დაპირისპირება არ გაგრძელებულიყო, სხვა ნაწილში გადამიყვანეს. საზღვარზე ვმსახურობდი. ერთ დღეს ცვლა რომ დავასრულე, წამოვედი და გზაში შემხვდა თავის მეგობართან ერთად. ისევ მოგვიხდა შელაპარაკება, ჯერ სიტყვიერი, მერე ჩხუბზე გადავედით. იმათ ავტომატები ჰქონდათ, რადგან განწესში იყვნენ. ავიღე მათივე იარაღი და ორივე მოვკალი. დავასწარი უბრალოდ, რადგან ჩხუბის დროს ჯერ იმან გაიწია იარაღისკენ და მეც უცებ დავწვდი და ვესროლე. ამის შემდეგ წამოვიღე ავტომატები, გადავმალე და მივედი სახლში. დილით მომაკითხა პოლიციამ და ამიყვანა.
მამა მყავდა, ახლახან გარდაიცვალა. დედინაცვალი მყავს, რომელმაც გამზარდა, მას ჰყავს მოყოლილი შვილები, დედმამიშვილებად მიგვაჩნია ერთმანეთი და ისინი მპატრონობენ. ციხეში ოჯახიც შევქმენი და 14 წლის შვილი მყავს. დედაჩემი და ჩემი და რუსეთში ცხოვრობენ, რუსეთის მოქალაქეები არიან და ისინიც მაქცევენ ყურადღებას.
დღეს არსებული კანონის მიხედვით, უვადო პატიმარს, რომელიც 15 წელს მოიხდის, შეუძლია დაწეროს სასამართლოში განცხადება და თუ სასამართლო ჩათვლის, რომ უნდა გაუშვას, მაშინ დატოვებს ციხეს და შინაპატიმრობა და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომაა შემდეგი პერსპექტივა. მე უკვე ორჯერ მქონდა სასამართლო და უარი მითხრეს. გაზაფხულზე მესამედ მექნება. ძალიან კარგი დახასიათება მქონდა ციხიდან, მაგრამ დაზარალებულების ფაქტორი მოქმედებს. ისინი არ მაძლევენ თანხმობას, რომ სასამართლომ გამიშვას.
საქმე ის გახლავთ, რომ კონფლიქტი მქონდა ერთ პიროვნებასთან. მეორე სიტუაციას ემსხვერპლა, მასთან არაფერი მქონდა გასარჩევი, ის არც კამათში ჩარეულა და არც ვიცნობდი. სიტუაციიდან გამომდინარე მოჰყვა გაუგებრობაში. უდანაშაულო ადამიანი ვიმსხვერპლე და შევიწირე. 2 ადამიანი მოვკალი, ეს ლაქა და ცოდვა მთელი ცხოვრება გამყვება. სულ სინანულში ვიქნები. მთელი ცხოვრება ციხეში გავატარე. 20 წლის შემოვედი და 39 წლისა კიდევ აქ ვარ. ეკლესიაში დავდივარ და აღსარებასაც ვაბარებ, მაგრამ იმის განცდა, რომ ეს ცოდვა უფალმა მომიტევა, არ მაქვს", - განუცხადა "პრაიმტაიმს" პატიმარმა.
პრაიმტაიმი