
(რეზონანსი) ბევრად უფრო საშინლად გამოიყურება ამ როლში, ვიდრე ის გაუქმებული ტროლების ქარხანა,- ასე პასუხობს დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებას.
ეკა ბესელია აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ ბინძური ბრალდებები ადრეც გაჟღერდა და ახლა ეს დავალება სოფიო კილაძემ მიიღო. რაც შეეხება უმრავლესობის სხდომას, რომელზეც სოფიო კილაძე საუბრობს, ეკა ბესელია ამბობს, რომ სოფიო კილაძეს ამ სხდომაზე არც ერთი ფაქტი არ დაუსახელებია და გაუგებრად საუბრობდა.
"რადგან გაგიჩნდათ კითხვა, ვალდებულად ჩავთვალე თავი, რომ მოვიდე და გიპასუხოთ, მაგრამ არ ვპასუხობ იმ ადამიანს, რომელიც ბევრად უარესია და ბევრად უფრო საშინლად გამოიყურება ამ როლში, ვიდრე ის გაუქმებული ტროლების ქარხანა. ამ ფონზე, როდესაც აღარ არის ტროლები, ბოტები, გაუქმდა ყალბი გვერდები, გამოჩნდნენ მათ როლში აბაშიძეები, (გია აბაშიძე- ექსპერტი) კილაძეები, რომ შეავსონ ის დანაკლისი, რაც ამ გაუქმებული ყალბი გვერდების შემდეგ შეექმნა "ქართულ ოცნებას."
ხელისუფლებაში არიან კორუფციაში ჩაფლულები და ამაზე მე თვითონ ვსაუბრობდი იმ სხდომაზე. ფაქტი დაასახელოს, რა მოიძია, რა დაადგინა, რა ფაქტზე ლაპარაკობს? ბოდვას და სამარცხვინო როლში ყოფნას თავი დაანებოს. ბიძინა ივანიშვილმა კი არ გააჩერა იმ სხდომაზე მარტო, სისულელეებს რომ ლაპარაკობდა, ვერავინ გაიგო რას ამბობდა, თავისმა კოლეგებმა დასცინეს და უთხრეს, რომ ეს იყო "ნაციონალური მოძრაობის" ნარატივი, რითაც საუბრობდნენ წლების განმავლობაში ჩემს წინააღმდეგ", - აცხადებს ბესელია.
გავრცელებული ინფორმაციით, ეკა ბესელიას წინააღმდეგ კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ამ ინფორმაციას სოფო კილაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მას უკვირს, რატომ აქამდე არ გადადგა პროკურატურამ შესაბამისი ნაბიჯები ბესელიას შესაძლო კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით.