
(რეზონანსი) ტელეკომპანია „კავკასიამ" ფინანსთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ შემოსავლების სამსახურში ელექტრონული ფორმით გაგზავნა დღეისათვის არსებული მისი დავალიანების - 26 226 ლარის და 92 თეთრის ერთ წელზე გადანაწილების მოთხონა.
ტელეკომპანია „კავკასია" განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ეს არის კანონმდებლობით გათვალისწინებული მარტივი პროცედურა და მისი დაკმაყოფილება ერთი დღის ვადაშია შესაძლებელი. როგორც ტელეკომპანიაში აღნიშნავენ, ამით ფინანსთა სამინისტროს აძლევენ შანსს, გამოასწოროს მის მიერ დაშვებული შეცდომა.
„თუ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური არ გააკეთებს ამას, ნათელი იქნება მისი გადაწყვეტილების მთავარი მოტივი - ხელი შეუშალოს ტელეკომპანია „კავკასიის" ფუნქციონირებას.
პარალელურად მოვითხოვთ, ხელისუფლებამ სასწრაფოდ გაასაჯაროვოს ტელეკომპანიების მიერ ამ მომენტისთვის დაგროვილი დავალიანებები ყოველი თეთრის სიზუსტით (რაც ჩვენ, ჩვენის მხრივ უკვე გავაკეთეთ), გაასაჯაროვოს მოლაპარაკებების პროცესი და დეტალურად აცნობოს საზოგადოებას, როგორ აპირებს ტელეკომპანია „იმედის", „მაესტროს" და „რუსთავი 2"-ის დავალიანების - 55 მილიონი ლარის ამოღებას.
არავის აქვს უფლება ერთპიროვნულად, კანონის სრული იგნორირებით, დახურულ კაბინეტებში, შერჩევითი მიდგომით გადაწყვიტოს ტელეკომპანების ყოფნა-არყოფნის და საბიუჯეტო თანხების ჩუქება-პატიების ბედი.
ტელეკომპანია „კავკასია" სამართლებრივი გზებით და პროტესტის სხვა ფორმებით გააგრძელებს ტელეარხების მიმართ ხელისუფლების უსამართლო პოლიტიკასთან ბრძოლას", - ნათქვამია განცხადებაში.