სირიის აღმოსავლეთ ნაწილში ამერიკელ და რუს სამხედროებს შორის ჩხუბი მოხდა, ამის შესახებ ინფორმაციას სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია (SOHR) საკუთარ საიტზე ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ ეს ორგანიზაცია დასავლეთის მიერ არის მხარდაჭერილი და მისი ცნობები სირიიდან სანდო ინფორმაციად მიიჩნევა.
ობსერვატორიის ცნობით, ინციდენტი 25 დეკემბერს ქალაქ ტელ-ტამერის მახლობლად, ელ-ჰასაკის პროვინციაში მოხდა.
ამერიკელი ჯარისკაცების ჯგუფი, თარჯიმანთან ერთად, სოფელში ადგილობრივი მოსახლეობისგან ინფორმაციის მოსაპოვებლად ჩავიდა. ადგილობრივებმა, რომელტა დიდი ნაწილი ქურთია, ისინი ღალატში დაადანაშაულეს პრეზიდენტის დონალდ ტრამპმის მიერ ადრე მიღებული გადაწყვეტილების გამო, სირიის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანის თაობაზე.
ინციდენტისას ადგილზე რუსი სამხედროებიც მივიდნენ, რა დროსაც მათ შორის ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რაც შემდგომ ცემა-ტყეპაში გადაიზარდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, ცნობილია მხოლოდ ის, რომ ინციდენტისას სამხედროებს იარაღი არ გამოუყენებიათ. არც ჩხუბში მონაწილე სამხედროების რაოდენობაა ცნობილი და არც ის, ვინ იმარჯვა ჩხუბში.
აღსანიშნავია, რომ მანამდე, ხუთშაბათს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია მახლობლად მდებარე აშშ-ისსამხედრო ბაზას დაეპატრონა, რომელიც ამერიკელებმა მთავრობის გადაწყვეტილებით დატოვეს.
ამ ბაზას სტრატეგიული დანიშნულება აქვს, რადგან პროვინციის დმინისტრაციულ ცენტრ რაქიდან 26 კილომეტრში, გზაჯვარედინზე მდებარეობს. ამერიკელმა სამხედროებმა ბაზა რამდენიმე დღის წინ დატოვეს.