რეზონანსი
27.12.2019

(რეზონანსი) გერმანიაში გარდაცვლილ ქართველს, 36 წლის ზურაბ დოლიძეს საქართველოში რამდენიმე დღეში გადმოასვენებენ. როგორც მის მეგობარი ამბობს, საქართველოს ელჩი ჩართულია ამ საკითხში. უკვე მომზადდა საჭირო საბუთები და სახელმწიფო დაფარავს ზურას გადმოსვენების ხარჯებს. ახლა მთავარი პრობლემა საგამოძიებო მოქმედებებია, ექსპერტიზა და სხვა პროცედურები უნდა დასრულდეს.

როგორც გაირკვა, ზურაბ დოლიძე გერმანიის ციხეში გარდაიცვალა. ის 13 დეკემბერს დააკავეს და 20 დეკემბერს საკანში გარდაცვლილი ნახეს. ადვოკატმა მომხდარი 3 დღის შემდეგ შეიტყო. უმძიმესი ფაქტი საშობაო არდადეგებს დაემთხვა.

მიუხედავად იმისა, რომ ერთ კვირაზე მეტი გავიდა მომხდარიდან ზურა დოლიძისთვის ამ დრომდე ექსპერტიზა არავის ჩაუტარებია. მისი ცხედარი საავადმყოფოს მორგში რჩება. დასვენებების გამო ზურას ადვოკატმა პოლიციასთან კომუნიკაციაც კი ვერ შეძლო.

ადვოკატი 27 დეკემბერს შევა ციხეში და შეეცდება გაარკვიოს თუ რა გახდა ახალგაზრდა კაცის სიკვდილის მიზეზი. პირველადი ინფორმაციით, ზურამ ნარკოტიკის შემცველი აბები მიიღო და ეს გახდა მომხდარის მიზეზი. ამ ვერსიის კატეგორიულად არ სჯერა ზურას ბავშვობის მეგობარს, გიორგი სომხიშვილს.

გიორგის მტკიცებით, ზურას ნარკოტიკთან არასოდეს ჰქონია შეხება, ის სპორტსმენი იყო, წამალს არასოდეს გაჰკარებია, ამიტომაც გამორიცხავს ამას. მისი ვარაუდით, ზურას სიკვდილში გერმანელი სამართალდამცავები არიან გარეული.

„რაღაც პატარა მიზეზის გამო 13 დეკემბერს დაიჭირეს, იმ დღეს მქონდა მასთან კომუნიკაცია, მერე ადვოკატმა გამაგებინა დაკავების ამბავი. იმას ველოდებოდი როდის გაირკვეოდა დეტალები და ზურას გარეთ როდის გამოუშვებდნენ, რადგან პატიოსანი ადამიანია. ცუდს არაფერს ჩაიდენდა. სპორტსმენი ბიჭია, ვარჯიშობდა, წესიერად ცხოვრობდა. ყველანაირად ცდილობდა გერმანიაში დარჩენილიყო, აქ ემუშავა და აეწყო ცხოვრება. მაგრამ დაკავებიდან ზუსტად ერთ კვირაში, 20 დეკემბერს ციხეში დაიღუპა, ადვოკატმა სამი დღის შემდეგ, 23 დეკემბერს, ფოსტით მიიღო წერილი, რომ ზურა გარდაცვლილი იყო. მან გამაგებინა და მითხრა, რაღაც მედიკამენტი მიიღო და იმით გარდაიცვალაო. კატეგორიულად არ მჯერა ამ ვერსიის, სპორტსმენი იყო, ძალიან ბევრს ვარჯიშობდა. არასოდეს მიუღია ნარკოტიკი და ამას არ გააკეთებდა. ახლა ვიდრე ადვოკატი არ შევა და უფრო მეტ დეტალს არ გაარკვევს, ვერაფერს გეტყვით", - ამბობს გარდაცვლილის მეგობარი „კვირის პალიტრასთან".

კვირის პალიტრა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×