
(რეზონანსი) „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა ავარიებისა და უბედური შემთხვევების შესახებ სამი კვარტლის მონაცემები წარადგინა.
ეკა ლალიაშვილის განმარტებით, წინა წელთან შედარებით, სტატისტიკა გაუმჯობესებულია. კერძოდ, 10%-ით შემცირდა ავტოსაგზაო შემთხვევები, 2%-ით სიკვდილიანობა და 10%-ით დაშავებულთა რაოდენობა.
„სტატისტიკურად, ზოგადი მდგომარეობა თითქოსდა გაუმჯობესებულია. ავტოსაგზაო შემთხვევები 10 პროცენტითაა შემცირებული, გარდაცვალების შემთხვევები მცირედით - ორი პროცენტით, მაგრამ შემცირებულია. თუმცა, იმდენად ხშირად გვესმის ბოლო დროს ერთი საგზაო შემთხვევის დროს რამდენიმე პირის დაღუპვის შესახებ, რომ ვერ შევაფასებთ სრულად, ვიდრე არ ვნახავთ მეოთხე კვარტლის მონაცემებს.
კანონი ჯერ არ არის ძალაში შესული, მაგრამ ახლო მომავალში მხოლოდ 18 წლიდან შეძლებს ახალგაზრდა მართვის მოწმობის აღებას. თუმცა, ამის პარალელურად, მნიშვნელოვანია ავტოსკოლების ლიცენზირება. ვფიქრობ, შემდეგი წლისთვის უნდა გავამახვილოთ ყურადღება ამაზე. ჩვენ მუდმივად ცნობიერების დაბალი დონის გამო შექმნილი საფრთხეები გვექნება.
გამოკვეთილად, ახალბედა მძღოლებში და არასრულწლოვანებში ვხვდებით ამ პრობლემას, რაც ნიშნავს, რომ ავტოსკოლები ჯეროვნად ვერ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, ისინი ვერ აძლევენ იმ ცოდნას მომავალ მძღოლებს, რაც გზებზე უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. უცხო ქვეყნების პრაქტიკის გათვალისწინებით, ვფიქრობ, შემდეგი წლიდან უნდა დაიწყოს ხელისუფლებამ იმაზე ფიქრი, თუ როგორ მოხდეს ავტოსკოლების ლიცენზირება", - განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.