რეზონანსი
27.12.2019

(რეზონანსი) ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული მიხეილ კალანდიას ბიძა, დიმიტრი კაკუბავა განცხადებას ავრცელებს.

კაკუბავა მათი ყოფილი ადვოკატის, ამირან გიგუაშვილის განცხადებას აკრიტიკებს, უშუალოდ მის დისშვილს, მიხეილ კალანდიას კი „ქართული ოცნებისა" და „ევროპული საქართველოს" „ერთობლივ პროექტს" უწოდებს.

„ჩემი დისშვილი, მიხეილ კალანდია არის პოლიტიკური პარტიების - „ქართული ოცნებისა" და „ევროპული საქართველოს" ერთობლივი პროექტი. მათი პოლიტიკური ზრახვების განხორციელების მიზნით, შსს-მ, კერძოდ, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა, მიხეილ კალანდიას დაკავებისთანავე, ოჯახი აიძულა ადვოკატად „აერჩია" ამირან გიგუაშვილი, რომელმაც გაგვიმწესა ადვოკატად ქალბატონი ანა კოტეტიშვილი, ამ უკანასკნელმა კი პირველსავე სხდომაზე აღასრულა შსს-ს დავალება, როდესაც ბრალდებულთან არასათანადო კონსულტაციის შედეგად მიაღწია სხდომის დახურვას. წინამდებარე განცხადების გაკეთების საფუძველი გამიმყარდა 2019 წლის 26 დეკემბერს, როდესაც მოვისმინე დაზარალებულ ცოტნე გამსახურდიას ადვოკატის, ამირან გიგუაშვილის მიერ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის მეშვეობით გაკეთებული განცხადება, სადაც ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფი, დაზარალებულ ცოტნე გამსახურდიას მიმართ ჩადენილი ქმედება შეაფასა როგორც შეკვეთილი მკველელობის მცდელობა და იგი შეადარა ქ. თბილისში, ხორავას N4-ში განვითარებულ ტრაგედიას, როდესაც მოკლეს ორი ახალგაზრდა - დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი. ეს მაშინ, როდესაც უკვე დადგენილია, რომ ბავშვებმა სრულიად გულუბრყვილო კონფლიქტის ამოწურვა შეძლეს საკუთარი ძალებით და არავითარი განზრახვა არც ერთს არ ჰქონია ამ შედეგებით საქმის დამთავრებისა, ანუ წინასწარ განზრახვით ვინმეს „აჩეხვისა" და სხვა უბედურებისა", - ნათქვამია განცხადებაში.

მიხეილ კალანდიას ბიძა მოუწოდებს მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძესაც, დაესწროს მიხეილ კალანდიას სასამართლო სხდომებს და პირადად მოისმინოს მოწმეთა ჩვენებები.

„მინდა ვუთანაგრძო დაზარალებულის უფლებამონაცვლე ზაზა სარალიძეს და მინდა მოვიწოდო მას დაესწროს სასამართლო სხდომებს, პირადად მოისმინოს მოწმეთა ჩვენებები და მხოლოდ ამის შემდეგ შეაფასოს ინფორმაცია და არა პოლიტიკური ქულების დაგროვებით დაინტერესებული პირების მეშვეობით მოსმენილი გაიზიაროს. ვაცხადებ, რომ, ადვოკატ ამირან გიგუაშვილს არანაირი სამართლებრივი და ეთიკური უფლება არ გააჩნდა გაეკეთებინა 2019 წლის 26 დეკემბრის განცხადება, როდესაც მან ჩემი დისშვილის, მიხეილ კალანდიას ჯერ კიდევ მიმდინარე საქმეზე დააფიქსირა მისი, როგორც ყოფილი ადვოკატის პოზიცია ბრალთან მიმართებაში, რითაც მან, როგორც ადვოკატმა, დაარღვია მიხეილ კალანდიას უდანაშაულობის პრეზუმფცია, ადვოკატის ეთიკის კოდექსი. ამ ყოველივეთი ცალსახად ახადა ფარდა ჩემ ვარაუდს, რომ შსს პოლიტიკური დაკვეთის დაწესებულებაა, როდესაც იგი საპარლამენტო დაკვეთით აკავებს სრულიად უდანაშაულო მიხეილ კალანდიას და ამავდროულად აჩენს მაღალი ხარისხის ეჭვს, რომ ცოტნე გამსახურდიას საქმე არ არის ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი, მისი სცენარისტები დიდი ალბათობით, შსს-სი არიან", - ნათქვამია დიმიტრი კაკუბავას განცხადებაში, რომელსაც, ოჯახის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან აგზავნის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×