
იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 6 კანდიდატი შეარჩიეს, სიმბოლურად ლენინის ფოტო მიიტანა.
"დღეს იუსტიციის საბჭომ მორიგჯერ შეირცხვინა თავი. ძალიან ბევრი ადამიანი და მოსამართლე, რომლის მიმართაც არსებობს სერიოზული კითხვის ნიშნები, კვლავ წარადგინა უზენაეს სასამართლოში, თუმცა სიმბოლო ამ პროცესისა არის, იმ ადამიანის განცხადება 14 აგვისტოს, რომელმაც მიიღო 10 ხმა, მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილის, როდესაც მას მე ვკითხე, მისი გაგებით, მისთვის ვინ არის ლიდერი, მას არ გაახსენდა არც გამსახურდია, არც კოსტავა, არც დავით აღმაშენებელი, არც თამარ მეფე, მას გაახსენდა ვლადიმერ ილიას ძე ლენინი. მე დღეს ჩავთვალე, რომ სწორედ ლენინის პორტრეტი არის ამ ადამიანების, ამ სისტემის ერთაზროვნების ძალიან კარგი სიმბოლო,"- განაცხადა ანა დოლიძემ.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესის მოსამართლეობის 6 კანდიდატი შეარჩია. ესენი არიან: ნინო სანდოძე, გიორგი ტყავაძე, ილონა თოდუა, გენადი მაკარიძე, პაატა სილაგაძე, თეა ძიმისტარაშვილი.იუსტიციის უმაღლესი საბჭო კანდიდატებს საქართველოს პარლამენტს წარუდგენს, რომლებსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მოუსმენენ.
6 მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი 20 კაციანი სიიდან 14 დაამტკიცა.
ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 20 კაციანი სია ჰქონდა წარდგენილი. კანდიდატებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მოუსმინეს, შემდეგ კი, პლენარულ სხდომაზე კენჭი უყარეს. კენჭისყრამდე ერთ-ერთმა კანდიდატმა ზაზა თავაძემ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 19-კაციანი სიიდან 14-ს დაუჭირა მხარი და უვადო მოსამართლედ გაამწესა. პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლებად დაამტკიცა - მერაბ გაბინაშვილი, მირანდა ერემაძე, მამუკა ვასაძე , მაია ვაჩაძე, თამარ ზამბახიძე, შალვა თადუმაძე, ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე, ნუგზარ სხირტლაძე, ლალი ფაფიაშვილი, ნინო ქადაგიძე, ქეთევან ცინცაძე, ალექსანდრე წულაძე.