
მსოფლიოში აღიარებული მეცო-სოპრანო, 42 წლის ნინო სურგულაძე მალე ტყუპის დედა გახდება. ქართველი სოპრანოს რჩეული, 39 წლის პროფესით იურისტი - გიორგი ინწკირველია. ის ცნობილი იურისტისა და მეცნიერის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის გივი ინწკირველის შვილიშვილია.
"მე და გიორგი დიდი ხნის მეგობრები ვართ, მაგრამ ხშირი ურთიერთობები არ გვქონია, ძირითადად, მიზეზი ჩემი სამუშაო გრაფიკია. წელს, წარმოუდგენელი ამბავი მოხდა. რამდენჯერმე, მეგობრულ წრეში შევხვდით ერთმანეთს. ძალიან უცებ მოხდა ყველაფერი, არ მეგონა, რომ ამ ასაკში ასეთი დიდი სიყვარული მეწვეოდა. უბედნიერესი ადამიანები ვართ და თანაც ორ შვილს ველოდებით.
იმდენად სწრაფად განვითარდა მოვლენები, ერთად ცხოვრება გადავწყვიტეთ და უკვე, სამი თვეა ერთად ვართ. ორივე ძალიან ბედნიერები ვართ და რაც ყველაზე მთავარია, ძალიან გვიყვარს ერთმანეთი. უფლისგან საოცარი საჩუქარი მივიღეთ. ჩემი გინეკოლოგი შოკში ჩავარდა, რომ გაიგო ჩემი ამბავი. ხელოვნურად რომ ფეხმძიმდებიან, მაშინ ვერ ახერხებენ დაორსულებასო. ყოველთვის მინდოდა ოჯახი და შვილები, მაგრამ ახლა ყველაფერი ძალიან სწარაფად აეწყო. ჩემი აზრით, ქალის ცხოვრებაში მთავარი შვილებია. სულ ვოცნებობდი და ჩემი მთავარი მოწოდება იყო - დედა გავმხდარიყავი. ვფიქრობ, რომ როცა ადამიანს რაღაცის დიდი სურვილი აქვს, გულით უნდა, ის აუცილებლად ეძლევა უფლისგან.
დედაჩემს განსაკუთრებით გაუხარდა. ამას წინათ ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა, არაფერი ამაზე კარგი ცხოვრებაში არაფერი არ გაგიკეთებია და გადაგიწყვეტია, ალბათ მართალია", - განუცხადა ნინო სურგულაძემ "პრაიმტაიმს".
