
(რეზონანსი) ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო დამზადება-შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის უპრეცენდენტოდ მასშტაბური სქემა გამოავლინეს.
დაკავებულია საქართველოში მოქმედი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები - საქართველოს 1 და უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე, 1 პირი კი მხილებულია.
უფრო კონკრეტულად დააკავეს: საქართველოს მოქალაქე, 1985 წელს დაბადებული გ.რ, რუსეთის მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული რ.ი., უკრაინის მოქალაქე, 1994 წელს დაბადებული ნ.კ., ყირგიზეთის 3 მოქალაქე - 1997 წელს დაბადებული უ. შ., 1992 წელს დაბადებული ს. ბ., 2000 წელს დაბადებული დ. კ. ყაზახეთის მოქალაქეს -1974 წელს დაბადებულ ხ. ტ.-ს კი ბრალი წარუდგინეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი და დროებითი საცხოვრებელი სახლებისა და ბინების ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა ადგილას მდებარე სამალავებიდან სულ ამოიღეს 21 კილოგრამამდე ფხვნილის სახით და 10 ლიტრამდე სითხის სახით ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ".
ამოღებული ნარკოტიკების საბაზრო ღირებულება შავ ბაზარზე 6 მილიონამდე ლარს შეადგენს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ნარკორეალიზატორთა საერთაშორისო ორგანიზებული დაჯგუფება ინტერნეტ აპლიკაცია „ტელეგრამში" შექმნილი ჯგუფების გამოყენებით სომხეთში, ყირგიზეთში, უზბეკეთში, ტაჯიკეთსა და საქართველოში, კერძოდ, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადებას, შეძენა- შენახვას და რეალიზაციას ახდენდა.