რეზონანსი
26.12.2019

(რეზონანსი) ტელეკომპანიები ამ დღეში იმის გამო არიან, რომ ქვეყანამ თავისი რეგულაციებით დაანგრია სარეკლამო ბაზარი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ტელეკომპანია „კავკასიასთან" გამართულ მხარდასაჭერ აქციაზე განაცხადა.

ნიკა გვარამიას აზრით, ბიძინა ივანიშვილი წინაპირობას ამზადებს „რუსთავი 2" - ის გასაკოტრებლად, რადგან „ტელეკომპანია „პირველის" და „კავკასიის" ვალები არ არის იმხელა, რომ მათ ამის გადახდა ვერ შეძლონ".

„სიმართლე გითხრათ, მე ამ ფაქტს ვუკავშირებ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ მიმართულ აქციას. ბიძინა ივანიშვილმა გადაიფიქრა ამ კომპანიის არსებობა და წინაპირობებს ამზადებს გაკოტრებისთვის. ტელეკომპანია „პირველის" და „კავკასიის" ვალები არ არის იმხელა, რომ მათ ამის გადახდა ვერ შეძლონ. გაურკვეველია, რატომ ითვლიან მიმდინარე დავალიანებად ბოლო 5 თვის დავალიანებას და რატომ არ ითვლიან ბოლო 2 წლის დავალიანებად, მაგალითად „იმედის" ჰოლდინგში შემავალი კომპანიების დავალიანებას.

ტელეკომპანიები ამ დღეში ჩავარდნილი არიან იმის გამო, რომ ქვეყანამ თავისი რეგულაციებით დაანგრია სარეკლამო ბაზარი, ქვეყანა ჩამორჩენილი გახდა ეკონომიკური თვალსაზრისით და მარეგულირებელმა კომისიამ ვითომ ევროკავშირის სახელით გაკეთებული რეგულაციებით, საერთოდ ბოლო მოუღო ამ ყველაფერს. კეთილი ინებოს ხელოსუფლებამ, გაანულოს ყველა დავალიანება და გამოაცხადოს რამდენიმეწლიანი მორატორიუმი გადასახადებზე, რომ მედიამ ამოისუნთქოს და ბაზარი აღდგეს პირვანდელი მდგომარეობით. თუ ასე არ მოხდა, საქართველოში იქნება ვითარება, როდესაც მხოლოდ ივანიშვილის დაფინანსებულ მედიას ექნება სრულფასოვნად მუშაობის საშუალება", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, ტელეკომპანიების: „რუსთავი 2", „ტვ პირველი" და „კავკასია" საბანკო ანგარიშებს ინსკასო დაედო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×