ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალი ხედვისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"ძნელი სათქმელი არის, ალბათ მაინც, მაგრამ ახლა დარწმუნებით ვერ ვიტყვი, რადგან დღევანდელ დღეს მაინც სხვა მოცემულობაა და ძნელია, დღევანდელი მოცემულობით იმსჯელო წარსულზე. რა უნდა ითქვას შეწყალებაზე - ჯერ ერთი, რომ მთელმა საზოგადოებამ მეტი იცის ამ შეწყალებების შესახებ, ვიდრე მეგონა, რომ იცოდა და ბევრი კითხვა, რომელიც დაისვა, დაისვა უფრო ნიშნის მოგებით, ვიდრე იმიტომ, რომ არ იცოდა საზოგადოებამ. მეორე - შეწყალება უთუოდ ეხება, უთუოდ არა, მაგრამ უნდა შეეხოს ასევე, თუ საჭიროება არის, ძალიან მძიმე დანაშაულებსაც კი, თუკი პრეზიდენტი გადაწყვეტს. ხშირ შემთხვევაში, სხვა ქვეყნებში მკვლელებსაც ეხება, ანუ ჩვენ ანგელოზებს არ ვიწყალებთ და უდანაშაულო ადამიანებს არ ვიწყალებთ. შეწყალება არ ნიშნავს, რომ ადამიანი უდანაშაულო იყო, პირიქით, შეწყალების საფუძველი არის ადამიანის მიერ აღიარება თავისი დანაშაულის და შემდეგ არის ყველა ის გარემოებები.
მთავარი აქცენტი იყო გაკეთებული იმაზე, რომ მე არ ვხსნიდი არგუმენტებს, რატომ შევიწყალე ერთი, მეორე, მესამე ან მეოთხე. ეს სწორედ არის მთავარი აუცილებლობა შეწყალების დროს, რამეთუ შეწყალება არ არის გამოსწორება სასამართლოს გადაწყვეტილების. როგორც კი პრეზიდენტი იწყებს ან დაიწყებდა თავისი არგუმენტების მოტანას, რა გარემოებების გამო მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება, საზოგადოების ნაწილისთვის მიუღებელი იყოს ან მისაღები იყოს, მაშინათვე ისმის საკითხი - პრეზიდენტის არგუმენტები უფრო მაღლა დგას, ვიდრე სასამართლოსი, თუ არა. შემდგომ კიდევ უარესი - იწყება მით უმეტეს ჩვენ საზოგადოებაში მსჯელობა იმაზე, ეს რატომ, ის რატომ, როგორ იქნებოდა.. ყველას ექნებოდა აზრი და ჩვენ საჯარო სივრცეში შემოგვაქვს დისკუსია კერძო საკითხებზე, არანაირად ჩვენ მეორე სასამართლო არ უნდა გავმართოთ. ეს არც ოჯახებისთვის არ არის სწორი, არც მსჯავრდებულებისთვის, არც დაზარალებული ოჯახებისთვის. ასე რომ, აუცილებელი არის აქ კონფიდენციალობა იყოს შენარჩუნებული და დისკრეცია. ბოლოს და ბოლოს, ეს არის დისკრეციული უფლება, რომელზედაც ახსნა არ შეიძლება, განმარტება არ შეიძლება", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.