
ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაური აცხადებს, რომ ექიმების კონსილიუმზე განსაზღვრავენ შემდგომ ტაქტიკას პაციენტთან დაკავშირებით.
„სიახლე ჯერ არაფერი გვაქვს, ცოტნე დღეს არ გვინახავს. მე და ექიმი ზურაბ გურული ვაპირებთ შეხვედრას რეანიმატოლოგთან, რეანიმატოლოგიის დეპარტამენტის უფროსთან და ნეიროქირურგთან, რომელმაც ცოტნეს ოპერაცია გაუკეთა. პატარა კონსილიუმი გვინდა მოვიწვიოთ და განვსაზღვროთ შემდეგი ტაქტიკა, რას ვაპირებთ.
რაც შეეხება გადაყვანას, არაფერს გამოვრიცხავთ, მოვიქცევით სჭიროებისამებრ, შეთავაზებები ბევრია, მაგრამ სწორედ ამის შესახებ უნდა მოვიწვიოთ პატარა კონსილიუმი", - განაცხადა ანა ჯაბაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა. ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ ოთხ პირს - ტატო ღარიბაშვილს, გიორგი სოლოღაშვილს, პეტრე ყუფარაძესა და კახა ჩხეტიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა განუსაზღვრა. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული თორნიკე ქვათაძე კი საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.