
(რეზონანსი) "შეაჩერე კორუფციის" დამფუძნებელი, ვატო გელაშვილი, ბოლო დღეებში ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ცოტნე გამსახურდიას პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლია. ამ თემაზე უფრო ვრცლად იგი "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში საუბრობს:
"რა თქმა უნდა არ მჯერა გამოძიების ვერსიის. რა არის დასაჯერებელი? რომ ცოტნე თავს დაესხა ვიღაცებს? შეიძლება იქ იყო ცოტნე, ესენი რომ მივიდნენ, მაგრამ ცოტნე მისულიყო და ამათთან ჩამომჯდარიყო, არ იკადრებდა, განა, იმიტომ რომ გამსახურდიაა, უბრალოდ, არ არის ასეთი. არც კონფლიქტურია, სხვათა შორის, სამართლიანია, მაგრამ არა აგრესიული. გამოძიება ჯერ ამბობდა, რომ ერთი პირია დამნაშავე, ჩვენ რომ ყვირილი დავიწყეთ, რომ ერთი ვერ მოერეოდა, მერე აღმოჩნდა, რომ ორი პირია დამნაშავე და კიდევ თუ ვიყვირებთ, მერე სამი და ოთხი გახდება. ისე დეტალურად ყვება ის ე.წ. მოწმე ამბავს, წვერებიან კაცზე, მერე მარცხენა ხელით თავის გადმოწევაზე, ფეხის დადებაზე, ის დაუწერეს, ასე დეტალურად ვერ მოყვებოდა, გამორიცხულია. ან, ამ წვერებიანმა კაცმა, თავი გადმოაწევინა ერთი ხელით? - მაშინ, გამოდის, სასმელში რამე გაურიეს, ვერ გადმოაწევინებდა ერთი კაცი თავს. ნაომარი იყო იქაურობა, ხელჯოხები დამტვრეული, ჩასაფრებულები იყვნენ, თავს დაესნენ, მიაყენეს სასიკვდილო ჭრილობები, მკვდარი ეგონათ სავარაუდოდ და თან ჩქარობდნენ, ხომ უნდა მოესწროთ სარფამდე ჩასვლა? ცოტნე რომ გადარჩა ამიტომ დაიჭირეს ეს პირები, თორემ გადაიყვანდნენ საზღვარზე, როგორც აქამდე არაერთხელ გაუკეთებიათ და გაუშვებდნენ. იმან, ვინც შეუკვეთა მათ ცოტნეს მოკვლა, გაიგო რომ ცოტნე გადარჩა და დარეკა ხელისუფლების ზედა ეშელონებში და დააკავეს შემსრულებლები.
ცოტნემ მე და ქეთი ენუქიძეს (და სხვებსაც, ვერ დავასახელებ, თავად იტყვიან, ალბათ) გვითხრა, რომ ისეთი პიროვნება დაინახა, შეიძლება მისი ლიკვიდაციის შეკვეთა იყოს გაცემული. გვითხრა, რომ თუ რამე მოუვა, ამის მიზეზი იქნება ის რომ მამის მკვლელობის გამოძიებას ითხოვს. უკვე დადგენილია, რომ ზვიად გამსახურდიას თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს, მაგრამ, ის პირები, რომლებიც მაშინ ძალაუფლებაში იყვნენ და დღესაც ცოცხლები არიან, ისევ არ დაკითხულან და გამოძიება შეჩერდა. ვადები გადასწიეს საპრეზიდნეტო არჩევნების დროს, არ ჰქონდათ სხვა გზა, მაგრამ გახდა სალომე პრეზიდენტი და დაივიწყეს. ცოტნე მუდმივ რეჟიმში აწუხებდა პროკურატურას და ითხოვდა გამოძიების გაგრძელებას. ამბობდა: ჩემი ცხოვრების ამოცანა მამაჩემის მკვლელობის გამოძიება, არ მოვისვენებ, სანამ ამ საქმეს არ მივიყვან ბოლომდე. სამწუხაროა, რომ ამ საქმეს ადევს გრიფით საიდუმლო და წინა პრეზიდენეტმა ვერ მოახერხა ამ საქმისთვის გრიფის მოხსნა, თორემ, ახლა ეს ტრაგედია არ მოხდებოდა. ყველას, ვინც ზვიადის საქმის გამოძიებას მოითხოვს - ყველას ემუქრება საფრთხე, ზვიადის მკვლელობაში ჩარეულნი არიან მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, რუსული სპეც.სამსახური და როცა ვამბობ, რუსული სპეც.სამსახური, რა გგონიათ, მაინც და მაინც, რუსეთში უნდა ცხოვრობდეს? აქ ცხოვრობენ და ემორჩილებიან რუსულ სპეც.სამსახურებს, რუსეთშიც ისე თავისუფლად ჩადიან, როგორც მე გავდივარ რუსთაველზე. მერე რა ხდება? ამ ადამიანების, ვინც მაშინ ხელისუფლებაში იყვნენ, შვილები და ახლობლები, ისევ ხელისუფლებაში არიან თანამდებობებზე! როგორ დაუშვებენ ამ საქმის გამოძიებას? ერთი რამ ვიცით, საქართველოს ხელისუფლების დახმარების გარეშე, რუსული სპეც.სამსახური ამას ვერ გააკეთებდა. ჩვენი, მეგობრების ვერსია ასეთია, მოუწყვეს ჩასაფრება და უნდოდათ მოკვლა. პრინციპში, ჩვენი ვერსია კი არა, ეს არის ცოტნეს ვერსია. უნდათ რომ ეჭვები გაგვიქრონ? პარალელურად დაძრან ზვიად გამსახურდიას საქმე და გაგრძელდეს გამოძიება, მაშინ იქნებ დავიჯეროთ, რომ ცოტნეს, სადღაც „გარაჟში" მოუვიდა შელაპარაკება ღვინის მოწონება-არ მოწონებაზე და ამის გამო კლავდნენ."
"ალია"