რუსეთმა სომხეთს უახლესი, 2019 წლის წარმოების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი მიჰყიდა. ამის შესახებ ინფორმაცია პირადად ნიკოლ პაშინიანმა გაავრცელა, რომელმაც „ფეისბუკში" ახალი შენაძენის ფონზე გადაღებული სელფი გამოაქვეყნა.
„სომხეთის შეიარაღებული ძალები შეივსო Тор-М2КМ ტიპის რუსული წარმოების ულტრათანამედროვე თავდაცვის სისტემებით. შეიარაღება 2019 წელსაა გამოშვებული და ამ წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შენაძენია. რაც შეეხება რაოდენობას, ამის შესახებ არაფრის თქმა არ შემიძლია - ეს სახელმწიფო საიდუმლოებაა", - წერს სომხეთის პრემიერი.
სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაიას თქმით, აღნიშნული შეიარაღება სომხეთისთვის მნიშვნელოვანი თავდაცვითი შენაძენია.
„ეს თანამედროვე შეიარაღება საჰაერო თავდაცვის საშუალებას იძლევა და შეუძლია დაიცვას სამხედრო ნაწილები უპილოტო საჰაერო თავდასხმებისგან", - აცხადებს მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას.
კითხვაზე, თუ შეიარაღების რაოდენობის მხრივ რა სიტუაციაა რეგიონში, მაისაია პასუხობს, რომ სომხეთი ამით თავდაცვის ბალანსს არ არღვევს.
Тор-ის ერთ-ერთი უპირატესობა სხვა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებთან შედარებით ისაა, რომ მისი თითოეული ბატარეა დამოუკიდებლად მოქმედებს, თუმცა აქვს ცენტრალიზებული კონტროლის რეჟიმიც საჰაერო თავდაცვის უფროსის ან საზენიტო-სარაკეტო პოლკის მეთაურისთვის.
მისი ტექნიკური მახასიათებლები ასეთია:
• ერთი რაკეტით თვითმფრინავის ტიპის სამიზნეზე მოხვედრის ალბათობა - 30-77%;
• ერთი რაკეტით ვერტმფრენის ტიპის სამიზნეზე მოხვედრის ალბათობა - 50-88%;
• ერთი რაკეტით უპილოტო საფრენ აპარატზე მოხვედრის ალბათობა - 85-95%.
ის უზრუნველყოფს დაცვას სამიზნეებისგან, რომლებიც ჰაერში 700 მ/წმ-მდე სიჩქარით მოძრაობენ. სამიზნეს დაზიანების სიშორე 0.5-დან 12 კმ-მდეა და სიმაღლე - 10 მ-დან 6 კმ-მდე.
აღსანიშნავია, რომ რუსეთმა მანამდე სომხეთს „სუ-30" ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური საფრონტო ბომბდამშენებიც გადასცა.
„სამხედრო-საჰაერო ძალებით სომხეთს რუსეთი უზრუნველყოფს. ამიტომ სომხეთი კარგად არის მოდერნიზებული, გაუმჯობესებული მესამე თაობის საფრონტო ბომბდამშენებით, ახალმა შენაძენმა რუსეთ-სომხეთის კოალიციას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი", - აცხადებს ვახტანგ მაისაია.
ალექსანდრე კორტავა