რეზონანსი
21.12.2019

(რეზონანსი) ცოტნე გამსახურდია ფიქრობდა, რომ მამამისის საქმის გამოძიების გამო აუცილებლად მოუწყობდნენ დივერსიას, - ამის შესახებ ცოტნე გამსახურდიას მეგობარმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ვატო გელაშვილმა ხეჩინაშვილის კლინიკაში განაცხადა.

გელაშვილის მიიჩნევს, რომ ორი დღის წინანდელი თავდასხმა სწორედ ცოტნე გამსახურდიას წინააღმდეგ მოწყობილი დივერსიაა.

„ის ელოდებოდა თავდასხმას. რამდენჯერმე ახსენა, რომ შეიძლება, ჩემი ლიკვიდაციაც კი მოხდესო. როდესაც ეს ამბავი შევიტყვეთ, ცოტნეს სიტყვები გაგვახსენდა და ვფიქრობთ, ეს არის დივერსია მის წინააღმდეგ, რადგან ამ ქვეყანაში ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გახსნა არ სურთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ბედავენ და მის მკვლელობის მცდელობას ჩადიან", - განაცხადა გელაშვილმა.

გელაშვილის თქმით, მსგავსი რამ ცოტნე გამსახურდიას სხვა მეგობრებთანაც აქვთ ნათქვამი.

გამსახურდიას მეგობარი ვარაუდობს, რომ არასწორია ვერსია, თითქოს პირველი პრეზიდენტის შვილს ასეთი სერიოზული დაზიანებები ერთმა ადამიანმა მიაყენა.

ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა. შსს-ის ინფორმაციით, 1991 წელს დაბადებული ტ.ღ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით არის დაკავებული, ხოლო ოთხი პირი - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით.

ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა. მას ორი ოპერაცია ჩაუტარდა და ხეჩინაშვილის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×