
(რეზონანსი) ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა პატრულის დაჭრაში ბრალდებულ გელა ჭაღალიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დაკავებულის ინტერესებს სახაზინო ადვოკატი იცავდა, რომლის აცილებაც გელა ჭაღაძემ მოითხოვა.
„მძიმე ბრალდებიდან გამომდინარე დაცვა იყო სავალდებულო, აცილებასთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ მასთან არ მქონია კომუნიკაცია, თუ ვერ აიყვანს ადვოკატს, ჩვენ დავიცავთ. აუცილებელია ექსპერტიზა, რამდენად შერაცხადია პიროვნება", - განაცხადა ადვოკატმა დავით კეკელიძემ.
დღევანდელ პროცესს ბრალდებულის ოჯახის არც ერთი წევრი არ ესწრებოდა. გელა ჭაღალიძემ აღნიშნა, ეს იყო ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგი.
„ამხელა ბრალს მე არ ვიმსახურებ, საერთოდ არ დამიზიანებია მეორე პოლიციელისთვის ფეხი. ეს არ არის სიმართლე და არც ორჯერ დამირტყამს დანა, თან ეს დანა კი არა, მოკლე საგანი იყო", - ამბობს ბრალდებული.
პროკურორ ალექსანდრე ძირკვაძის განცხადებით, ობიექტური გამოძიების მიზნით, თუ საჭირო გახდა, აუცილებლად დაინიშნება ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესწავლის მიზნით სათანადო ექსპერტიზა.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 11 თებერვალს ჩაინიშნა.