რეზონანსი
21.12.2019

(რეზონანსი) მარიხუანის გამოძალვისა და ჯგუფური ყაჩაღობისთვის სამ ბრალდებულს 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. განაჩენს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი რამდენიმე დღეში გამოაცხადებს.

შემთხვევა ჩაქვის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას „Batumelebi.netgazeti.ge" ავრცელებს.

დაზარალებულად ცნობილმა მამუკა ა.-მ პოლიციაში დარეკა და თქვა, რომ მასთან სახლში სამი კაცი მივიდა და მარიხუანას სთხოვდნენ, უარის მიღების შემდეგ კი სახეზე დანა დაადეს და ყურის მოჭრით ემუქრებოდნენ. დაზარალებულს სხეულზე ჰქონდა ნაკაწრები და დაზიანებები. მამუკა ა.-მ ასევე უთხრა გამომძიებლებს, რომ სამივე კაცმა ოთახები დაიარა და გაჩხრიკა: „ისინი მარიხუანას ეძებდნენ და რაც შეხვდათ, ყველაფერი დაამტვრიეს".

დაზარალებულის თქმით, იგი ბრალდებულებმა დააყაჩაღეს კიდეც - წაართვეს ყელსაბამი, ფული, სამი ტელეფონი, სიგარეტი და მარიხუანა.

„წარდგენილ ბრალდებაში სამივე ბრალდებული უნდა გამართლდეს, რადგან ბრალდება ემყარება მხოლოდ ერთ პირდაპირ მტკიცებულებას - დაზარალებულად ცნობილი პირის ჩვენებას. ბრალდებულები ამბობენ, რომ ეს პირი ცნობილი ბარიგაა და გადაუხადეს 150 ლარი, მაგრამ გადააგდო ესენი," - ამბობს ადვოკატი დავით ჯაფარიძე. მისი მტკიცებით, პროკურატურის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს.

დაცვით სიტყვაში ადვოკატი დაზარალებულის ნათესავზე აკეთებს აქცენტს, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და ჩვენება მისცა სასამართლოს. მოწმემ თქვა, რომ ინციდენტი მხოლოდ მარიხუანის გამო მოხდა და ეს ყაჩაღური თავდასხმა არ ყოფილა.

დაზარალებულის საცხოვრებელ სახლში არ ჩატარებულა ექსპერტიზა, რომელიც დაადგენდა, დარჩა თუ არა თითის ანაბეჭდები სადმე, თუკი ბრალდებულები მარიხუანას ეძებდნენ და ოთახებში ნივთებს ამსხვრევდნენ. „არც დამტვრეული რომელიმე ნივთი ამოუღია გამოძიებას," - დასძენს ადვოკატი.

შემთხვევევის შემდეგ დაკავებულ ორ პირს სამართალდამცველებმა ჩხრეკის დროს მარიხუანა ამოუღეს, მესამე პირს - სისხლიანი დანა ავტომანქანიდან. პროკურატურამ წარმოადგინა ექსპერტიზის დასკვნაც, რომლის მიხედვითაც დანაზე შემორჩენილი სისხლი დაზარალებულ მამუკა ა.-ს ეკუთვნის.

„სისხლიანი დანა ბრალდებულებს არ ეკუთვნით და იგი პოლიციის მიერ არის შექმნილი," - მიიჩნევს ადვოკატი დავით ჯაფარიძე.

მისი ვერსიით, მხარეებს შორის სიტყვიერი კონფლიქტი მოხდა, შეგინების შემდეგ კი, დაზარალებულმა ერთ-ერთ ბრალდებულს დაარტყა კიდეც და ეს უკანასკნელი თავს იცავდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×