
(რეზონანსი) საქართველოში ნოემბერ-დეკემბერში მრავალწლიურ სტატისტიკურ მონაცემებთან შედარებით, მცირე რაოდენობის ნალექი აღინიშნება, - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსმა, რამაზ ჭითანავამ განაცხადა.
ჭითანავას ინფორმაციით, უნალექო ამინდი ნაწილობრივ ციმბირის ანტიციკლონს უკავშირდება, ნალექიანი ამინდები კი, 26-27 დეკემბრიდან არის მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნულ სააგენტოში მთაში თოვლის ნაკლებობაზეც მიუთითებენ, რაც ზამთრის კურორტების მუშაობას აფერხებს.
„სამწუხაროა, რომ მთიანი ტურიზმისთვის არახელსაყრელი პერიოდია. თოვლის საფარი პრაქტიკულად არ არის შექმნილი. მხოლოდ ძალიან მაღალ მთის რეგიონებშია თოვლი. არც გუდაურში, არც ბაკურიანში არ აღინიშნება თოვლის საფარი, რაც უარყოფითად მოქმედებს ამ სფეროზე. სამწუხაროდ, უახლოეს დღეებში არ ველოდებით ამ თვალსაზრისით მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამინდის შედარებით შეცვლა, ნალექიანი ამინდები 26-27 დეკემბრიდან არის მოსალოდნელი. შემდგომ ატმოსფეროს ტემპერატურაც მნიშვნელოვნად დაიკლებს", - განაცხადა რამაზ ჭითანავამ „პირველ არხთან".