
(რეზონანსი) ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისთვის 1 წლით და 9 თვით პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება.
როგორც კეკელიძე წერს, ეს ოკუპანტის ცინიკური პასუხია, ექიმის პატიმრობაში დატოვება.
"რაღაც უცნაურად და გულუბრყვილოდ მჯეროდა დღეს სასწაულის, შეიძლება თავი დავაჯერე, შეიძლება მოვიტყუე კიდეც. და აი, ახლა უკვე, როცა ვიცით ოკუპანტის ეს ცინიკური პასუხი - პასუხი, რომლის მიხედვით ვაჟა გაფრინდაშვილი ორი წლით ციხეში უნდა იჯდეს, ჩვენ, დანარჩენ ქართველებს, არ გვაქვს უფლება ამ წლების თითოეული დღე მისი გამოხსნის გზებზე ფიქრით და მოქმედებით არ დავიწყოთ! ეს მოქმედება უნდა იყოს ერთგვარად ფრთხილი, ზუსტი და შედეგისმომცემი და ამავდროულად პრინციპული. მე ამისთვის მზად ვარ. იმედი მაქვს, ყველა შემომიერთდებით", - წერს გიორგი კეკელიძე ფეისბუქზე.
შეგახსენებთ, ოკუპირებულმა ცხინვალმა ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლით და 9 თვით პატიმრობა შეუფარდა.