
(რეზონანსი) „დღეს მე პირადად ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გამაოცა. პროპორციულზე უარის თქმა შემოგვთავაზეს 2020 წელს, არამედ 2024-ში, 2028-ში და ა.შ. ხელისუფლება ინარჩუნებს იმის შესაძლებლობას რომ თუნდაც 50%-ზე ნაკლები მხარდამჭერის შემთხვევაში, მან შეინარჩუნოს უმრავლესობა",- ამის შესახებ „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.
თუ ასე გაგრძელდება, ბურჯანაძე რევოლუციურ სცენარს არ გამორიცხავს.
„რა თქმა უნდა, წნეხი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ გაგრძელდება. თუ ხელისუფლება შეეცდება ამის იგნორირებას, შეიძლება საქმე რევოლუციამდეც კი მივიდეს, რაც ნამდვილად არ მინდა. რევოლუცია არ არის სცენარი, რევოლუციის სცენარი არც 2003 წლის აპრილში ყოფილა. მაშინ შევარდნაძე გავაფრთხილე, რომ თუ ასე გააგრძელებთ აუცილებლად მოხდება რევოლუცია-მეთქი, სამწუხაროდ მან არ გაიგონა და მოხდა ის, რაც მოხდა",- აღნიშნა მან.
ცნობისთვის, დღეს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრა გაიმართა. ხელისუფლებამ მათ ინიციატივა შესთავაზეს. მატი შეთავაზებაა, არჩევნები ჩატარდეს შერეული საარჩევნო სისტემით, რომელშიც 100 დეპუტატს პროპორციული წესით, 50-ს კი მაჟორიტარული წესით აირჩევენ.