
(რეზონანსი) ეს უგვანები მოვიდნენ იმ სისტემით, რომელიც ხუნდაძე-ბერაიასთან შეათანხმეს, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების" ახალ ინიციატივას.
მისივე თქმით, „ოცნებას" ეშინია, რადგან ოპოზიცია მათ 2020 არჩევნებს მოუგებს.
„მგონი მარცხენა ფეხზე ადგა დღეს. ეს შეთავაზება არის საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა. ის განხილვადაც არ ღირს. პასუხი არის წადით, იმეცადინეთ, ივარჯიშეთ და რამე აზრიანი მოიტანეთ. რატომ არის ივანიშვილი ხაფანგში? იმიტომ რომ მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, 2020 არჩევნების მერე ნებისმიერი რიგგარეშე არჩევნები ტარდება პროპორციული სისტემით. შესაბამისად, ხალხს და ოპოზიციას გვიჭირავს ხელში ჯოკერი და ვზივართ ბოლოში. შემოთავაზებული მოდელი 100/50-ის გარდა, ამ ნორმის ცვლილებასაც გულისხმობს. ანუ ეს უგვანები მოვიდნენ სისტემით, რომელიც ხუნდაძე-ბერაიასთან შეათანხმეს და გვეუბნებიან ახლა ჯოკერიც ქვემოდან ამოდეთო", - წერს გიგი უგულავა „ფეისბუქის" გვერდზე.
„ქართული ოცნება" ოპოზიციურ პარტიებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივით მიმართავს. კერძოდ, მათი ინიციატივაა, შემდეგი არჩევნები ჩატარდეს შერეული საარჩევნო სისტემით, რომელშიც 100 დეპუტატს პროპორციული წესით, 50-ს კი მაჟორიტარული წესით აირჩევენ.