
(რეზონანსი) ბერძნული მედიის ცნობით, 25 წლის ქალი, რომელმაც ქალაქ კალამატაში, გუშინ ბავშვი ნაგვის ურნაში გადააგდო, დააკავეს. ჩვილი, რომელიც რამდენიმე დღის არის უკვე საავადმყოფოშია გადაყვანილი.
კალამატას მერის თქმით, ურნა დაახლოებით სამი მეტრის სიგრძისაა. მისივე განცხადებით, "ბავშვი იღბლიანი აღმოჩნდა, რადგან ნაგვის მანქანამ ტექნიკური შეფერხების გამო, ადგილზე მისვლა გადადო, რამაც ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა".
"ბავშვი სასწაულით არის გადარჩენილი. ეს ტერიტორია დილის 05:00 საათიდან "იღვიძებს". დღეს კი ნაგვის გასატანად მანქანამ დააგვიანა, რადგან ტექნიკური დაზიანება ჰქონდა. იქ რომ მანქანა არ მისულიყო, ბავშვის ტირილს ვერავინ გაიგებდა. ისიც უნდა ვთქვა, რომ ნაგავი არ გააქვთ, არამედ ჭყლეტენ მას" - განაცხადა თანასის ვასილოპულოსიმ.
მედიის ცნობით, ბავშვის ტირილის ხმა ერთ-ერთმა ქალმა გაიგო, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე კატებს კვებავდა და პოლიცია გამოიძახა.
ბერძნული წყაროების მიხედვით, ჩვილის დედა იმ დღესვე იპოვეს სამართალდამცველებმა და მან აღნიშნა, რომ მატერიალური პრობლემების გამო, შვილის გაზრდას ვერ შეძლებდა, რასაც თან ერთვოდა მისი მძიმე ფსოქოლოგიური მდგომარეობა.
"სასოწარკვეთილი ვიყავი და სწორედ ამან მაიძულა, რომ ბავშვი ნაგავში ჩამეგდო. არ მინდოდა ამის გაკეთება, ძალიან მიჭირდა, მაგრამ ფული არ მაქვს მის გასაზრდელად" - თქვა ახალგაზრდა ქალმა.
როგორც ბერძნული მედია იუწყება, ქართველი ქალი საბერძნეთში რამდენიმე დღის წინ ჩავიდა და სამსახურის მოძებნას ცდილობდა.
ახალშობილი ამჟამად გადაყვანილია კალამატას საავადმყოფოში და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.