
(რეზონანსი) „ჯანმრთელობის ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს, ფაქტობრივად დაგვჭირდა გარეშე პირის მოწვევა, რომ ბრალის ფორმულირებას გაცნობოდა ჩვენთან ერთად", - ამის შესახებ მარიანა ჩოლოიანის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა განაცხადა.
ადვოკატმა არ განმარტა, კონკრეტულად რა დიაგნოზი აქვს დასმული მარიანა ჩოლოიანს.
„მინდა გარდაცვლილის ოჯახს მივუსამძიმრო და მწუხარება გამოვთქვა იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა, თუმცა ვფიქრობ, რომ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას.
მისი ვერბალური და ჟესტიკულაციით გამოხატული სიტუაციიდან თუ ვიმსჯელებთ, ზუსტი და მყარი კომუნიკაცია ვერ შედგა. უჭირს იმ კომუნიკაციით რაც, დაამყარა, ბრალს არ აღიარებს. ჯანმრთელობის მდგომარების გამო ბრალდებულმა ვერ შეძლო ხელი მოეწერა დოკუმენტისთვის, ამიტომ გახდა საჭირო გარეშე პირის მოწვევა. გარეშე პირი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, რომელიც ადასტურებს, რომ პიროვნებას მართლა გაეცნო ბრალი. მალე შევიტყობთ დიაგნოზს, თუ რა სჭირს. უშუალოდ ექიმი ფიზიკურად ვერ ვნახეთ. დაცვის მხარე დაინტერესდა და გამოითხოვს წერილობით ინფორმაციას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
საქმეში დღეის მდგომარეობით მხოლოდ დევს გარდაცვლილის დედის გამოკითხვის ოქმი, რომელიც რეალურად არის პირდაპირი მტკიცებულება. სხვა პირდაპირი მტკიცებულება ამ ეტაპზე არ მოიპოვება"- განაცხადა ადვოკატმა.