
(რეზონანსი) დღეს არ არის დრო ტრაგიკული მოვლენების პოლიტიზების, დღეს არის დრო კონკრეტული ნაბიჯების, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, რასაც სახელმწიფო აკეთებს განათლების გაუმჯობესებისა და სისტემური რეფორმის მიმართულებით, ყველაფერი, რაც ეხება მოზარდებზე, ახალგაზრდებზე ზრუნვას, უნდა იყოს კიდევ უფრო ეფექტური, შედეგიანი და თავიდან აგვარიდოს მსგავსი ტრაგიკული მოვლენები.
„კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ 15 წლის მოზარდის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი სრულად, გამჭვირვალედ და ღიად გამოიძიებს ამ საქმეს, ისე, რომ არ დარჩება არც ერთი კითხვის ნიშანი საზოგადოებაში. შესაბამისი დავალებები მიიღო ყველა უწყებამ, რომ სრულად ითანამშრომლონ სახელმწიფო ინსპექტორის გამოძიებასთან, თუმცა ჩვენ ასევე უნდა გავაკეთოთ გარკვეული დასკვნები. ჩვენ უფრო სწრაფად და სისტემურად უნდა ვიმოქმედოთ მოზარდების მართლმსაჯულების მიმართულებით და აქ კონკრეტული დავალებები უნდა მივცეთ შესაბამის უწყებებს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა იზრუნოს ბავშვზე მორგებული გარემოს უზრუნველსაყოფად - მოზარდების დაკითხვების სივრცის შექმნის თვალსაზრისით, რაც, მისი თქმით, ძალზედ მნიშვნელოვანია.