
ნიკა გოგუაძე, რომელიც 2011 წელს ყინწვისის ცნობილი სპეცოპერაციის დროს დააკავეს, შემდეგ კი სამშობლოს ღალატის მუხლით გაასამართლეს კიდეც, წლების შემდეგ პოლიტპატიმრად აღიარეს. ამ წლის 27 ივნისს სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მის მიმართ გამოძიება კანონდარღვევებით მიდიოდა. ევროსასამართლომ გოგუაძის წამებაც აღიარა და სახელმწიფოს სოლიდური კომპენსაციაც დააკისრა.
ირკვევა, რომ გოგუაძის საქმის გამომძიებელი უკვე ყველასთვის კარგად ცნობილი მარაიანა ჩოლოიანი იყო.
ყოფილი პატიმარი „პრაიმტაიმთან“ იხსენებს, თუ რა მდგომარეობაში მიიყვანეს ის ჩოლოიანთან და როგორ წაიყვანა მან დაკითხვა:
"ძალოვანი უწყებების ნახევარზე მეტი შენობები უკვე მოვლილი მქონდა, როცა თბილისის პოლიციის სამმართველოში მიმიყვანეს და მარიანა ჩოლოიანის წინ სრულიად დალეწილი დამსვეს დასაკითხის სკამზე...
ექიმის გამოძახებაზე არც უფიქრია. ტკივილგამაყიჩებელიც კი არ შემოუთავაზებია. პირდაპირ საქმეზე გადავიდა - დაიწყეო... ვუთხარი, რა დავიწყო-თქო. ის რომ 2 ათასი რუსი ჯარისკაცი შემოგყავდაო. მაშინ, 9 წლის წინ გაცილებით პატარა იყო და ალბათ ამიტომ, გვერდით ჭკუისდამრიგებელი ეჯდა, შედარებით გამოცდილი კაცი... ჩოლოიანი ჩემგან სასურველ პასუხს რომ ვერ მიიღებდა, თავს უკმაყოფილოდ გადააქნევდა, ირონიულად გაიღიმებდა, სიგარეტს მომაწვდიდა და თვითონ ვითომ შესვენებაზე გადიოდა. ამ დროს ოთახში შემოლაგდებოდნენ ჯანიანი პოლიციელები. დამიშვებდნენ თავზე წიხლებს, სკამებს ბოთლებს, ისევ დამლეწავდნენ გონების დაკარგვამდე. მერე შემოვიდოდა ჩოლოიანი. იატაკიდან ისევ სკამზე ამწევდნენ და „აბა გავაგრძელოთო“ - ისევ აგრძელებდა დაკითხვას" - აცხადებს ნიკა გოგუაძე.
პრაიმტაიმი