რეზონანსი
18.12.2019

  2019 წლის 27 ივნისს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება 2011 წლის 26 მაისს, ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციის დროს დაკავებულ ნიკოლოზ გოგუაძის საქმეზე.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეში ფიგურირებს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ასევე ხელმძღვანელობდა „მწვანე სკოლის" საქმეზე 15 წლის მოზარდის გამოკითხვას, რის შემდეგაც მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა და დღეს, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დღესვე შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზოგადოებას აცნობა, რომ მოზარდის საქმეზე ჩვენების იძულებით გამოძალვის ბრალდებით გამომძიებელი ჩოლოიანი დაკავებულია.

ბრალის წარდგენის შემდეგ ჩოლოიანი შეუძლოდ გახდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რაც შეეხება 2011 წელს, ე.წ. ყინწვისის საქმეს, საიას ინფორმაციით, მოქალაქე ნიკოლოზ გოგუაძე 2011 წლის 26 მაისს, ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციის დროს, ყინწვისის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. დაკავების შემდეგ, სამართალდამცავმა პირებმა ის ჯერ ქარელის, ხოლო შემდეგ თბილისის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს. ორივე განყოფილებაში მის მიმართ განხორციელდა ფიზიკური ძალადობა და ფსიქოლოგიური ზეწოლა მისი დასჯისა და მისგან აღიარებითი ჩვენების მოპოვების მიზნით.

თავად გოგუაძის განმარტებით, ის მთავარ სამმართველოში მოწმის სახით გამომძიებელმა, ჩულოიანმა დაკითხა, რომელმაც მოგვიანებით მისი, როგორც ბრალდებულის, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმიც შეადგინა.

როგორც საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მიუხედავად გოგუაძის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობისა, ჩულოიანმა გოგუაძის ბრალდების საქმეში სასამართლოს წინაშე მოწმის სახით დაკითხვისას, ამ უკანასკნელის ცემის ფაქტი არ დაადასტურა.

წლების შემდეგ კი, ეს ფაქტი უდაოდ სცნო ევროპულმა სასამართლომ და ნიკოლოზ გოგუაძის მიმართ არასათანადო მოპყრობა დაადგინა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×