
ათონის მთაზე მოღვაწე ბერის, სვიმონ (გიორგი) ქავთარაძის დაკავებამ საზოგადოების ვნებათაღელვა გამოიწვია.
„მეტადონი" ერთ-ერთი შეკვრიდან (ჩემსავე ოთახში, ისე, რომ ეს ფაქტი არავის დაუნახავს) მე მივიღე, რისი მიღებაც დამიდგინდა 2019 წლის 3 დეკემბერს ნარკოლოგიურ კაბინეტში ჩატარებული ნარკოლოგიური შემოწმების ექსპერტიზის შედეგად. ნასამართლევი არ ვარ. ძალიან განვიცდი იმ ფაქტს, რომ დაკავებულია სრულიად უდანაშაულო ადამიანი რომან მალანია ისეთი ქმედებისათვის, რაც მას არ ჩაუდენია. იგი არის მსხვერპლი და ამიტომაც გადავწყვიტე გამოვცხადებულიყავი პოლიციაში",- ეს არის ნარკოდანაშაულში ბრალდებული ბერის ამონარიდი ჩვენებიდან, რომელსაც „კვირის პალიტრა" ავრცელებს.
ათონის მთაზე მოღვაწე ბერი სვიმონ ქავთარაძე სამართალდამცავებმა ზუგდიდში მას შემდეგ დააკავეს, რაც ის თავის ადვოკატთან ერთად პოლიციაში ბრალის აღიარებით მივიდა. დაკავებული ბერი ამბობს, რომ ხის ძირას პოლიეთილენის პარკში 42 ცალ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება იპოვა და სახლში, ზუგდიდში წაიღო. იმასაც აღნიშნავს, რომ სახლში ყოფნისას მცირე ოდენობით ნარკოტიკი მიიღო. მერე ჩანთა, რომელშიც ნარკოტიკი იდო, რომან მალანიას თბილისში წასაღებად გადასცა.
ადვოკატი ჯიტა გულუა ნარკოდანაშაულში ორივე ბრალდებულს იცავს. „კვირის პალიტრასთან" ის ამბობს, რომ დაკავებული ბერისთვის ეს პირველი შემთხვევაა.
„32 წლის ახალგაზრდა 14 წელია, ბერია. ჰქონდა ბრძოლები, დიდი სირთულეები, რადგან არ არის ადვილი, სიცოცხლით სავსე ვაჟკაცმა უცებ ყველაფერზე თქვა უარი და ბერის ცხოვრებით იცხოვრო. სულიერი ტკივილები ჰქონდა და ეტყობა, ვერ გაუძლო ამ ყველაფერს... ძალიან განიცდის, მძიმეა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც - ფოთის დროებითი მოთავსების იზოლატორში ექიმის დახმარება დასჭირდა",- ამბობს ადვოკატი.
წყარო: "კვირის პალიტრა"