რეზონანსი
17.12.2019

თბილისის საკრებულოში ცოტა ხნის წინ ხმაური და შეხლა-შემოხლა იყო. პოლიციამ ძალის გამოყენებით გაიყვანა საკრებულოს დეპუტატ ერეკლე კუხიანის კაბინეტიდან აქციის მონაწილეები, რომლებიც ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით, კუხიანიძის განცხადებას აპროტესტებდნენ და საკრებულოს თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვდნენ.

სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა „ქართული ოცნების" წარმომადგენლებსა და „ევროპული საქართველოს" წევრ ელენე ხოშტარიას შორისაც. ამასთან, შეუძლოდ გახდა აქციის მონაწილე.

საკრებულოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, გიორგი ჩაკვეტაძემ და განმარტა, თუ რამ გამოიწვია დაპირისპირება.

ჩაკვეტაძის თქმით, აქციის მონაწილეებს უფლება მისცეს, კუხიანიძის კაბინეტში მშვიდად გამოეხატათ თავიანთი პროტესტი. თუმცა, მისივე განმარტებით, ერთ-ერთი მათგანი შეუძლოდ გახდა და აქციის მონაწილეებმა საკრებულოს უმრავლესობის წევრებს, ასევე, სამართალდამცველებს არ მისცეს საშუალება, სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად ის კორიდორში გაეყვანათ. ჩაკვეტაძის განცხადებით, სწორედ ამ ფაქტის შემდეგ დაატოვებინეს აქციის მონაწალეებს კაბინეტი.

„მე, როგორც საკრებულოს უმრავლესობის წევრს, ვალდებულება მქონდა, აქ მოვუსლიყავი, რადგან კარგად ჩანდა დაძაბული ვითარება. მარტივ მაგალითს გეტყვით და მოსახლეობა ამას გაიგებს. მათი თანაგუნდელი, რომელიც აპროტესტებდა ამ მოვლენებს, ძირს, იატაკზე ეგდო და ეს ადამიანები არ გვაძლევდნენ საშუალებას, კორიდორში გაგვეყვანა, რათა სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოგვეჩინა. ეს არის ამ ადამიანების სახე. ისინი ცდილობენ, 10-15 ადამიანის დონეზე შექმნან დაძაბულობა. დაძაბულობა, რომელსაც შეიძლება, შეეწიროს მათივე თანაგუნდელის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. დახმარების საშუალებასაც კი არ გვაძლევენ იმის გამო, რომ მაქსიმალურად დაძაბული სცენა შეიქმნას. რეალურად კი დაძაბულობა არ არსებობს. ჩვენ გვქონდა ფრაქციის სხდომა, რომლის ფარგლებშიც ვიმსჯელეთ ერეკლე კუხიანიძის განცხადებასთან დაკავშირებით. დღესაც, ხვალაც ზეგაც ამ საკითხზე ვიმსჯელებთ. მთელი გუნდი ემიჯნება მის კონკრეტულ განცხადებას და აუცილებლად გვექნება დამატებითი განცხადებები. უბრალოდ,მოსახლეობას მინდა, ვუთხრა, არ გვაძლევდნენ ჩვენ და პოლიციას საშუალებას, ეს ადამიანი კორიდორში გამოგვეყვანა დახმარების აღმოსაჩენად. ძალის გამოყენებით უნდა გამოგვეყვანა ადამიანი, რომელიც იყო შეუძლოდ. ჩვენ ამ ადამიანებს ვუთხარით, რომ არაფერი პრობლემა არ არის, წყნარად, მშვიდად იყავით ოთხში და გააპროტესტეთ ის, რასაც პროტესტებთ. ვიმეორებ, შეუძლოდ იყო ადამიანი და არ გვაძლევდნენ საშუალებას კორიდორში გამოგვეყვანა" ,- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

თბილისის საკრებულოში ინციდენტი განიმუხტა, ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია პოლიცია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×