
38 წლის ბენ ვალიანი ირანიდან არის და საქართველოში თავშესაფრის მაძიებელია. 29 წლის იყო, როცა გულის მიკრო ინფარქტი გადაიტანა და 25 წუთის განმავლობაში გარდაცვლილად ითვლებოდა, როგორც ექიმებმა აუხსნეს, მას კლინიკური სიკვდილი ჰქონდა.
"ეს შემთხვევა 9 წლის წინ მოხდა, ირანში ვცხოვრობდი. ოთახს ვქირაობდი, მარტო ვცხოვრობდი. ჩაის ვსვამდი და მახსოვს შეგრძნება და მახსოვს ჩემი აზრები, რომ ალბათ ახლა ნამდვილად ვკვდები. ერთადერთი იმან გამიელვა თავში, სახით არ დავცემულიყავი და თავი უკან გადავწიე. რამდენიმე სასწაული მოხდა ამ დღეს. კარს მუდმივად ვკეტავდი, იმ დღეს კი არ მქონდა ჩაკეტილი. ჩემი სახლის პატრონის შვილმა სიზმარი ნახა ჩემზე და ჩემი მონახულება გადაწყვიტა, სწორედ მან დარეკა სასწრაფო დახმარების გამოსაძახებლად. სანამ ექიმები ჩემს გადარჩენას ცდილობდნენ, მე მახსოვს ჩემი ხმა, როგორ ვევედრებოდი ღმერთს ერთი დღე მოეცა ჩემთვის. დედასთან ნაჩხუბარი ვიყავი და სწორედ ამ შეგრძნების გამო ვლოცულობდი, რომ ერთი დღით დავებრუნებინე უკან, რომ დედას ჩავხუტებოდი. მახსოვს ადგილი, სადაც ჩემი ცხოვრება კადრებად გადიოდა და ყოველი ახალი სცენის დაწყებისას, იქ მყოფ ადამიანებს დახმარებას ვთხოვდი. დაუსრულებელი გვირაბი მახსოვს, სადაც ჩავვარდი. მუსულმანი ვიყავი, თუმცა ღმერთისთვის, როგორც ალაჰისთვის ისე არ მიმიმართავს, უბრალოდ ვყვიროდი, ღმერთო დამეხმარე. გონს, რომ მოვედი უამრავი კითხვა დამიგროვდა, ვერ ვხვდებოდი რა დამემართა. ვხვდებოდი, რომ ვიცვლებოდი, ოჯახის წევრებიც ატყობდნენ ცვლილებას, თუმცა კონკრეტულად რა იცვლებოდა ჩემში ვერავინ ხვდებოდა."
ჩემს რელიგიას სულ უფრო ვცილდებოდი, პასუხებს კი ბიბლიაში ვპოულობდი. სწორედ ამან გადამაწყვეტინა საქართველოში გამოქცევა. ვიცოდი, რომ ეს ქვეყანა ეკლესიების სიმრავლით იყო ცნობილი, აქ ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს იყო."
ბენი საქართველოში თავშესაფარს ეძებს, როგორც ქრისტიანი, რომელიც საკუთარ ქვეყანაში იდევნება. მან საქართველოსგან თავშესაფარზე უარი მიიღო, თუმცა ბენმა გაასაჩივრა და ახლა სასამართლოს ელოდება.
ბენის აზრით, სამყაროში ყველა ადამიანს თავის მისია აქვს. მან თავის მისია კი ბაპტისტურ ეკლესიაში იპოვა.
წყარო: "პრაიმტაიმი"
