"არათუ ჩვეულებრივ დღეებში, შეკვეთები განახევრდა საახალწლო პერიოდშიც"
რეზონანსი
16.12.2019

 ლარის გაუფასურება ტურიზმის სექტორსაც შეეხო. ტურისტული კომპანიები ამბობენ, რომ ქართველები უცხოეთში გამგზავრებისგან თავს იკავებენ. ბოლო დროს შეკვეთებმა იკლო და მოთხოვნა მხოლოდ იაფასიან ტურებზეა. ლარის გაუფასურების თუ საბანკო რეგულაციების გამო, მსურვველები უცხოური ვალუტის შეძენას ვერ ახერხებენ და ტურისტული პაკეტებით დასვენება თანდათან შეუძლებელი ხდება.

ქართველები ისე აქტიურად ვეღარ მოგზაურობენ, როგორც ეს წინა წლებში ხდებოდა. მიზეზი კი საბანკო რეგულაციებია, რომლებმაც, როგორც აღმოჩნდა ტურიზმის სექტორზეც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. პარალელურად პრობლემა წარმოშვა ლარის გაუფასურებამაც.

"ლაიქ თრეველის" დამფუძნებელი ლია ყაველაშვილი „რეზონანსთან“  საუბრისას აღნიშნავს, რომ სააგენტოს დამკვეთები მნიშვნელოვნად შეუმცირდა და მხოლოდ ახლო ტურებზე მუშაობენ.

„ჯავშნები ჩვენთან არ უქმდება, მაგრამ ჩემი მეგობრებიც, ვინც კი ამ სფეროშია ყველა წუწუნებს, რომ უამრავი ჯავშანი გააუქმეს. საზოგადოებას მოგზაურობის კი არა, საჭმლის ფული არ აქვს. დოლარის და ევროს შეძენა  ძალიან ძალიან ძვირი უჯდებათ, ამიტომ ბოლო პერიოდში თავს იკავებენ. 

მე პირადად კლიენტების რაოდენობა ძალიან შემიმცირდა. მაქსიმალურად ვცდილობ ისეთი პაკეტები შევკრა, რომ ხელმისაწვდომი იყოს ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, თუმცა ფაქტია ვერ ვახერხებ და მაინც ჩავარდნა გვაქვს. სანამ ლარი კარგად არ გამყარდება, მომიწევს ასე ყოფნა და იაფასიანი ტურების დაგეგმვა,“ - განაცხადა ლია ყაველაშვილმა.

ქვეყანაში არსებული სხვადასხვა ექსტრემალური, არასასურველი პირობები პირდაპირ აისახება იმ სფეროში, რომელიც ადამიანების გაჯანსაღებას, დასვენებას, რეკრეაციას ემსახურება. მას შემდეგ, რაც საქართველო ევროპასთან უვიზო მიმოსვლით დაუკავშირდა, უამრავი ტურისტული სააგენტო გაიხსნა, რომლებიც მომხმარებელს სხვადასხვა ევროპულ თუ აზიურ ტურებს სთავაზობენ. თუმცა, ბოლო პერიოდში, რაც ლარმა გაუფასურება დაიწყო, ტურისტული მომსახურებას კრიზისული პერიოდი დაუდგა. შეკვეთები თითქმის განახევრდა, რაც დარჩა მხოლოდ თურქეთზე, ეგვიპტეზე, აღმოსავლეთ ევროპაზე და მსგავს ტურისტულ ადგილებზეა, სადაც გაცილებით იაფი ჯდება გამგზავრება, ვიდრე ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი.

"მეჯიქ თრეველის" მენეჯერი სესილი ლორთქიფანიძე არ უარყოფს, რომ შეკვეთების ნაწილი განახევრდა და ადამიანები ორიენტირებულები არიან დაახლოებით 500 ევროს ფარგლებში შეარჩიონ სასურველი ტური.

„ჩვენ თანხა გვაქვს დათვლილი ევროსა და დოლარში მაქსიმალურად ვცდილობ მნინიმალური ხარჯები დავთვალო, რომ ხელმისაწვდომი იყოს საქართველოს მოქალაქეებისთვის, თუმცა სააგენტოსაც უნდა დარჩეს გარკვეული თანხა და უკვე ძალიან ჭირს ამის გაკეთება. 

წამოიდგინეთ, შეკვეთები განახევრდა საახალწლოდაც კი. წინა წელს უამრავი ტური მქონდა დაგეგმილი, ახლა კი მხოლოდ სამი: ეგვიპტე, პარიზი და პრაღა. ბოლო პერიოდში ლარმა გამყარება დაიწყო. ვიმედოვნებ, ეს ჩემს საქმიანობაზეც აისახება და ყველაფერი ნელ-ნელა დალაგდება,“ - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას სესილი ლორთქიფანიძემ.

მოგზაურობის მოყვარული ადამიანები ადასტურებენ, რომ ლარის გაუფასურებამ ძალიან დიდი გავლენა იქონია მათ ფინანსურ მდგომარეობაზე. ვისაც მოგზაურობა დაგეგმილი ჰქონდა ორ ან მეტ ადგილზე მათ მოუწიათ ერთი ლოკაციის არჩევა, რადგან ფინანსურად რთული ათმოცნდა ხარჯებთან გამკლავება. ისინი კი, ვინც ერთი მიმართულებით გამგზავრებას გეგმავდა, საერთოდ ვეღარ ახერხებენ სამოგზუროდ წასვლას.

ერთ-ერთია 27 წლის ნინი ზურაბიანი, რომელიც რამდენიმეთვინი შუალედით ორ მოგზაურობას გეგმავდა, თუმცა ლარის გაუფასურების გამო, ხარჯი გაეზარდა და ამიტომაც არჩევნის შეჩერება ერთ მარშრუტზე მოუწევს.

“მთელი წლის განმავლობაში ვგეგმავდით, რომ საახალწლო დასვენება, ეგვიპტეში გაგვეტარებინა მეგობრებს. ერთ-ერთის დაბადების დღეც ემთხვევა და დარწმუნებულები ვიყავით, იქ შევხვდებოდით. 2020 წლის ზაფხულში კი პარიზში ვაპირებთ გამგზავრებას. ხარჯები რომ დავთვალეთ, ეგვიპტე გეგმიდან ამოვარდა, თან რომელიმე ერთისთვის კი არა, ყველასათვის ერთად. 

მთავარი მიზეზი ევროსა და დოლარის მაღალი კურსია. ვერ ვიტყვი, რომ რამდენიმე თვის წინ არ ვიცოდით გაუფასურების ტენდენციის შესახებ. ამას ხალხი უკვე სულ ელოდება, უბრალოდ, ყოველდღიური ხარჯი გაიზარდა ისე, რომ შეუძლებელი გახდა მისი საშუალო ხელფასით დაფარვა და თანხის გადადება. ჩვენ შემთხვევაში ე.წ. ხუთვარსკვლავიან დასვენებაზე კი არ არის საუბარი, შეზღუდული პაკეტია - დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, 2-3-ვარსკვლავიანი სასტუმრო, იაფ ადგილებში კვება, თუმცა რამდენიმე დღე რომ წახვიდე, იმ თანხის გადადებაც კი ურთულესია. ადამიანებისათვის, რომლებსაც სამსახურებიც გვავქვს და ჩვენი თავის გარდა, სხვა არც არავინ გვაბარია,” - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას ნინი ზურაბიანმა.

ტურისტული სააგენტოების კრიზისი ერთმნიშვნელოვნად ლარის გაუფასურებამ გამოიწვია, მენეჯერები და მეპატრონეები იმედს გამოთქვამენ, რომ სახელმწიფო და ეროვნული ბანკი ლარს დაასტაბილურებს და სექტორს ამაზე მეტი პრობლემა აღარ შეექმნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×