რეზონანსი
16.12.2019

 პარლამენტთან 21 ივნისის აქციების დროს დაკავებული ბესიკ თამლიანისა და ზურაბ ბუდაღაშვილის ოჯახის წევრები მივიდნენ. ისინი პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვენ. მათთან ერთად იმყოფება "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, დეპუტატი თინა ბოკუჩავა, რომელიც დაკავებულების მშობლებთან და ადვოკატთან ერთად პარლამენტის შენობაში ბრიფინგის ჩატარებას გეგმავდა, თუმცა, ბოკუჩავას მიერ დაშვებული საშვის საფუძველზე ისინი პარლამენტის შენობაში არ შეუშვეს. დაცვის სამსახურის წარმომადგენლების განმარტებით, მოქალაქეებს სპეციალური ნებართვის გარეშე საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვებენ, რაც თინა ბოკუჩავას შეფასებით კანონდარღვევაა.

თამლიანისა და ბუდაღაშვილის მშობლები ამბობენ, რომ დაკავებულები უსამართლოდ იხდიან სასჯელს, დაკავების დროს კი ფიზიკური დაზიანებები აქვთ მიღებული და მათ შვილების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სათანადო ინფორმაციას არ აწვდიან. მათივე თქმით, დაკავებულები საკანში მძიმე პირობებში იმყოფებიან.

დეპუტატ თინა ბოკუჩავას თქმით, პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა უშუამდგომლოს ოჯახის წევრებს პენიტენციურ დაწესებულებასთან, რომ ოჯახსა და დაკავებულებს შორის შეხვედრა შედგეს.

დაკავებულების მონახულებას ითხოვს თავად დეპუტატიც. ბოკუჩავას თქმით, მან უკვე სამჯერ მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს შუამდგომლობის მოთხოვნით, თუმცა მისი მოთხოვნა ამ დრომდე არ დაკმაყოფილებულა.

არჩილ თალაკვეძასთან შეხვედრის გარეშე თამლიანისა და ბუდაღაშვილის ოჯახის წევრები დაშლას არ აპირებენ.

შეგახსენებთ, დაკავებულ პირებს ბრალი ედებათ ჯგუფურ მოქმედებში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგეობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×