
ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზასთან მომხდარი ტერაქტის შედეგად ქართველი სამხედროები დაშავდნენ. ბაზასთან მდებარე სამედიცინო პუნქტთან თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა გააქტიურა.
როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, ტერორისტების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ქართული კონტინგენტის სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფის 5 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. საბედნიეროდ, ისინი მსუბუქად არიან დაჭრილი.
"მე-12 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების, კაპრალების: გოჩა მურადაშვილის, სოსო კვინიკაძის და რომან გიუნაშვილის, რიგითი ილია თაყაძის და უფროსი სერჟანტის დავით ბახურაულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა.
მსუბუქი დაზიანებების მიუხედავად, ისინი აგრძელებენ ტერორისტების წმენდისა და სალიკვიდაციო ოპერაციაში მონაწილეობას კოალიციურ ძალებთან ერთად“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, თავდაცვის ძალების მართვის ცენტრი გადასულია საგანგებო მდგომარეობაზე. სიტუაციურ ოთახში თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია იმყოფებიან და პირდაპირ რეჟიმში აკვირდებიან მოვლენების განვითარებას.
(ამბები)
