
(რეზონანსი) ჩხოროწყუს რაიონში, ტობავარჩხილის ხეობაში, 33 წლის გიორგი მუჩიაშვილი 2015 წლის 2 აგვიტოს გაუჩინარდა. ოთხი წლის წინ დაკარგულ ერთადერთ შვილს, დედა ამ დრომდე ეძებს. თუმცა, იმედს არ კარგავს, რომ შვილს ცოცხალს და უვნებელს იპოვნის. საკუთარ ისტორიას ინგა ვეკუა „პრაიმტაიმს" უზიარებს:
"როგორც ამბობენ, ჩემი უგზო-უკვლოდ დაკარგული შვილის შესახებ, ძიება არ წყდება, მაგრამ ჯერჯერობით, ახალი არაფერია. ყველას შევხვდი, მთავრობის წევრებსაც კი, რომლებიც ძალიან დამეხმარნენ. თბილისიდან გაგზავნეს მაშველები, ვერტმფრენები, მთამსვლელები. ადგილობრივი მონადირეებიც კი ეძებდნენ, მაგრამ არანაირი კვალი არ ჩანს. ტობავარჩხილის ტბაშიც კი ჩავიდნენ მყვინთავები, მთამსვლელებიც რამდენჯერმე იყვნენ შესულები, მაგრამ ჯერჯრობით არანაირი საიმედო ინფორმაცია არ არის. " - ამბობს დაკარგულის დედა.
წყარო: პრაიმტაიმი