(რეზონანსი) თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ 11 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის საქმის პროკურორმა მარიამ გოგორელიანმა ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის შემდეგ განუცხადა, რომ ბრალდებულები ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებენ.
"მოპოვებულია მტკიცებულებები, ეს არის მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, ასევე, ფარული საგამოძიებო მოქმედებები და აგრეთვე, კომპიუტერული სისტემიდან იქნა გამოთხოვილი მათი მიმოწერა სოციალურ ქსელში. მიმოწერა იყო ბრალდებულებს შორის, როგორც ამ ბრალდებულების, ასევე წინა ბრალდებულების, რომელთაც უკვე აქვთ პატიმრობა შეფარდებული. ამ მიმოწერით დასტურდება, რომ ბრალდებულები თვითონ აქტიურობდნენ ყოფილიყო ფოტოსესია, დასტურდება ასევე, ფულის აღების ფაქტი და დასტურდება, რომ იცოდნენ, რა სახის ფოტოსესია იყო", - განაცხადა საქმის პროკურორმა.