
შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედმა თანამშრომელმა ბესიკ ფიფიამ, გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებსა და პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა.
შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით, წალენჯიხის ცენტრში მოხდა. არსებული ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ფიფია კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან კოლეგების მისამართით ისროდა.
საბედნიეროდ, ინცინდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. დაცხრილულია პოლიციელების კუთვნილი ავტომობილები.
პოლიციის თანამშრომელი ფიფია კი გუშინვე დააკავეს.
მომხდარის მოტივი უცნობია, რადგან დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს.
საქმეს პროკურატურა იძიებს. განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.
წყარო: "ნიუ პოსტს"