
წლებია, საქართველოში ინტერნეტ მეკობრეობა მოუგვარებელ პრობლემად რჩება. ერთადერთი სამართლებრივი ნორმა, რაც "პირატული" მასალის წინააღმდეგაა მიმართული, კომუნიკაციის ეროვნული კომისიის დადგენილება გახლავთ, რომელიც ვერც პრევენციას უზრუნველყოფს, ვერც დანაშაულის აღკვეთას.
რამდენიმე წლის წინ აშშ-ს ვიცე-პრეზდენტმა ჯო ბაიდენმა ინტერნეტ მეკობრეობა ყაჩაღობას შეადარა და დაჰპირდა თანამემამულეებს, რომ ამერიკა გაზრდიდა ზეწოლას იმ ქვეყნებზე, სადაც "პირატული" ვებ-სერვერებია განთავსებული. როგორც ჩანს, ამ დაპირების შესასრულებლად გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯია გამაფრთხილებელი წერილი, რომელიც გასულ კვირას კომუნიკაციების კომისიამ და საქპატენტმა მიიღო.
Motion Picture Association of America (MPA), რომელიც წარმოადგენს ისეთ დიდ კინოსტუდიებს, როგორებიც არიან: "დისნეი", "ვორნერ ბრაზერს", "უნივერსალ ფიქჩერს", "სონი", "პარამაუნტ ფიქჩერს", "ნეტფლიქსი" და სხვა, წერილში შეშფოთებას გამოთქვამს ქართულ ინტერნეტსაიტებზე არალეგალური ფილმების განთავსების გამო.ორგანიზაციის პრეზიდენტის და მმართველი დირექტორის, სტენ მაკკოის წერილში, ორი ქართული ვებ-გვერდია მოხსენიებული, სადაც ქართველი ინტერნეტმომხმარებლები ყველაზე ხშირად უყურებენ ფილმებს:
"მეკობრეობის შემცირება ჩვენთვის მთავარ პრიორიტეტად რჩება და აღსრულება აუცილებელი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამ პრიორიტეტის მისაღწევად. საქართველოში adjaranet.com და imovies.cc უჩვენებენ MPA-ს წევრი კომპანიების ფილმებს მათი თანხმობის გარეშე, რაც მნიშვნელოვანი პრობლემაა" - ნათქვამია წერილში.
ეს იყო პირველი სერიოზული გაფრთხილება ჰოლივუდური კინოსტუდიების გაერთიანებისგან, რომლის უგულვებელყოფის შემთხვევაში, საქართველოს სანქციები ემუქრება. ამ საკითხზე ინტერნეტ მეკობრეობის წინააღმდეგ ახალშექმნილმა ასოციაციამ, საგანგებო პრესკონფერენცია გამართა და ყველა შესაბამის უწყებას კოორდინირებული ქმედებებისკენ მოუწოდა.