უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რადაში წარადგინა კანონპროექტი, რომელიც კრიმინალური სამყაროს და „კანონიერი ქურდების" წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით ქართულ კანონმდებლობას ეფუძნება.
საკანონმდებლო ცვლილებები უკრაინის პარლამენტის ვებ-საიტზე გამოქვეყნდა და დაჩქარებული წესით გადაეგზავნა იურიდიულ კომიტეტს.
კანონპროექტის ახსნა-განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლი ჩამოყალიბდება იმგვარად, რომ ორგანიზებულ დანაშაულად ჩაითველება ხუთი, ან მეტი პირის დანაშაულებრივი შეკავშირება. დასჯადი ხდება „კანონიერი ქურდის" სტატუსი, მისადმი მიმართვა და ქურდული შეკრება.
ცვლილებები ეფუძნება საქართველოში 2005 და 2018 წლებში „კანონიერი ქურდებისა" და ქურდული სამყაროს მიმართ გამკაცრებულ კანონმდებლობას, ასევე 1982 წელს იტალიაში მიღებულ კანონს მაფიის ტიპის დანაშაულებრივ გაერთიანებაში მონაწილეობის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი საკანონმდებლო ზომები მიიღეს რუსეთშიც მიმდინარე წლის აპრილში. ვლადიმერ პუტინის მიერ ინიცირებული ცვლილებებს რუსულმა პრესამ „ქართული ეფექტი" უწოდა.
კანონპროექტის თანახმად, „კანონიერი ქურდების" დაპატიმრება შესაძლებელი ხდება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ ქმედებაში გამოხატული დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება.
უკრაინის რადაში წარდგენილი კანონპროექტის მიზანია, გამკაცრდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დანაშაულებრივი გაერთიანებებისა, თუ ორგანიზაციების შექმნისა და მათი ხელმძღანელი პირების მიმართ.
ცნობისთვის: ბოლო პერიოდში უკრაინის ტერიტორიაზე არაერთი გავლენიანი „კანონიერი ქურდი" დააკავეს, თუმცა ლიბერალური კანონმდებლობის გამო, როგორც წესი, მათთვის საპატიმრო სასჯელის შეფარდება არ ხერხდებოდა და უკრაინელი სამართალდამცველები იძულებული ხდებოდნენ მხოლოდ ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილებით შემოფარგლულიყვნენ.
მაგალითად, ქართველი „კანონიერი ქურდი" დავით გერლიანი (სვანი) ბოლო სამი წლის განმავლობაში უკრაინის ტერიოტორიაზე ოთხჯერ დააკავეს. ყველა შემთხვევაში ის ქვეყნიდან გააძევეს და უკრაინაში დაბრუნება აუკრძალეს, თუმცა უშედეგოდ.
აქვე შეგახსენებთ, რომ 2018 წელს საქართველოში ქურდული სამყაროს წინააღმდეგ კანონი გამკაცრდა, კერძოდ, სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდა: „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა", „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა", „ქურდული სამყაროს წევრისთვის, ან ე.წ. კანონიერი ქურდისთვის მიმართვა".