რეზონანსი
04.12.2019

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული “ტურიზმის განვითარების ფონდის” მიერ შეკვეთილში, შავი ზღვის სანაპიროზე აშენებული ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო "პარაგრაფი" ოფიციალურად 2018 წლის აპრილში გაიხსნა.

იურიდიულად, სასტუმროს მმართველ კომპანიას “ბლექ სი რიზორთსი ჯგუფი” ჰქვია. კომპანიამ მისი აქტივების განსაკუთრებულად დიდი ღირებულების გამო, 2018 წლის ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა.

დოკუმენტის მიხედვით, გასული წლის განმავლობაში სასტუმროს მთლიანი შემოსავალი 21 209 000 ლარს შეადგენდა.

ცალკეული კატეგორიების მიხედვით, სასტუმროს შემოსავლები ასე ნაწილდება:

ამონაგები სასტუმროს ოთახების გაქირავებიდან - 13 504 000 ლარი; 

ამონაგები საკვებისა და სასმელების გაყიდვიდან - 6 720 000 ლარი; 

ამონაგები გამაჯანსაღებელი და სპა ცენტრიდან - 839 000 ლარი; 

ამონაგები საოპერაციო იჯარიდან - 91 000 ლარი; 

ამონაგები სასტუმროს სხვა დეპარტამენტებიდან და სხვა შემოსავლები 55 000 ლარი. 

აუდიტორული ანგარიშგების მიხედვით, გაწეული მომსახურების თვითღირებულება შემოსავალზე მეტი იყო და 31 583 000 ლარს შეადგენდა. ჯამურად, კომპანიის საოპერაციო ზარალმა 21 506 000 ლარი, ხოლო წლის სრულმა ზარალმა კი - 21 392 000 ლარი შეადგინა.

სასტუმროს აქტივების ჯამური ღირებულება 215 046 000 ლარს შეადგენს.

იურიდიულად, "ბლექ სი რიზორთსის" მფლობელია პანამურ ოფშორში რეგისტრირებული კომპანია Frankston International S.A. ჯგუფის ბენეფიციარი მესაკუთრე ბიძინა ივანიშვილია.

ხუთვარსკვლავიან სასტუმროს აქვს ორი აკვარიუმი, რომლებშიც ოკეანის ეგზოტიკური მტაცებლები ბინადრობენ, ასევე ზღვაში შეჭრილი 115-მეტრიანი აუზი და ზამთრის დახურული ბაღი ეგზოტიკური მცენარეებით, კაფეები, ბარები და 7 თემატური რესტორანი.

"სასტუმროს აქვს საბავშვო კლუბი, გიგანტური ტოპოგანი, ჩოგბურთის მოედანი, სპორტული მოედნები და კინო თეატრი. სასტუმრო აერთიანებს საინტერესო თანამედროვე დიზაინს, უნიკალურ და ექსტავაგანტულ თვისებებს და უმაღლესი სტანდარდების შესაბამის მომსახურებას", - ნათქვამია ჯგუფის მმართველობით ანგარიშგებაში.

bm.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×