რეზონანსი
04.12.2019

 „გამარჯობა თოვლის ბაბუა, მე გიორგი ვარ 12  წლის. მე სასწაულების არ მჯერა, მე მხოლოდ კეთილი ადამიანების მჯერა. მე არ გთხოვთ ჩემთვის რაიმე საჩუქარს, მე მხოლოდ საკვებს ვითხოვ და ქუჩაში, რომ არ დავრჩე კიდევ ამ ზამთარს. ერთ პატარა ოთახში მე და ჩემი ავადმყოფი დედა ვცხოვრობთ, სადაც არც გაზი და არც საწოლი გვაქვს. დედა ძალიან ცუდად მყავს. ვინც მოხვალთ კი ნახავთ მე ვუვლი დედას. თავს მათხოვრობით ვირჩენ და ჯართის შეგროვებით. მეტს აღარაფერს ვწერ, მხოლოდ თქვენი იმედი მაქვს.

გიორგი“

ამ სულისშემძვრელი წერილის ავტორი, დედასთან ერთად ნაქირავებ, პატარა უფანჯრო ოთახში ცხოვრობს. ორივეს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და თავს მოწყალებით ირჩენენ. საკვები და ბინის ქირა მათი ყოველდღიური საზრუნავია.  

„პრაიმტაიმი“ გიორგის დედას, ფატიმა ჩალაურს ესაუბრა:

„53 წლის ქალი ვარ და ხანდახან განვლილ გზას, რომ ვიხსენებ მეშინია. სანზონაში პოლიციასთან, ერთ-ერთი კერძო სახლის უფანჯრო სარდაფში ქირით ვცხოვრობთ. ქირის გადახდა 1-ელ იანვარს მიწევს, არ ვიცი სად უნდა ვიშოვო 150 ლარი... წარმოშობით ერედვიდან ვარ. აგვისტოს ომის დროს დავტოვეთ სახლი და წამოვედით. მას შემდეგ ბევრი საცხოვრებელი გამოვიცვალე, ქუჩაშიც ვიცხოვრე. დალხენილი ცხოვრება არც ომამდე მქონდა. სიცოცხლე მეუღლემ გამიმწარა, საშინელ დღეში გვაგდებდა. ოჯახის თითქმის ყველა წევრს გვცემდა. ჩემს ქმარს დედაჩემი ცემაში შემოაკვდა. იმდენად დაშინებული ვყავდი, რომ ვერ ვუჩივლე. ექვსი თვე იჯდა ციხეში და მერე გამოუშვეს. 

სამი შვილის დედა ვარ. უფროსი ბიჭი ახლა, სწორედ მამის გამო ზის ციხეში. მან გარია ცუდ საქმეში და დააპატიმრეს. გოგონა გათხოვილია, თავისი ოჯახი აქვს. არც ცუდად არის და არც კარგად, ვერაფრით გვეხმარება. უმცროსი ბიჭი ჩემთან ერთად ცხოვრობს. იმის გამო რომ ტანსაცმელი არ აქვს სკოლაში ვეღარ დადის. მე ჯანმრთელობის პრობლემა მაქვს, ცემის დროს მეუღლე, ძირითადად, თავში მირტყამდა. სწორედ ამ მიზეზით თავის ტკივილები და წნევა მაწუხებს. სახსრები და გული მტკივა... 

ჩვენი ყოველთვიური შემოსავალი,  სოციალური დახმარება 130 ლარია. ქირის ფულადაც არ მყოფნის. უფასო სასადილოს სერვისით სარგებლობა შემომთავაზეს, მაგრამ რიგში უნდა ვმდგარიყავი და იმის გამო, რომ დიდხანს ფეხზე დგომა არ შემიძლია, ვერ მივედი... რომ ვიარსებოთ, სახლთან მდებარე აფთიაქთან და ეკლესიასთან ვმათხოვრობ. ახლა ყველაზე მეტად ქირის ფული და საკვები მჭირდება. ამასწინათ გიორგიმ მკითხა, დედა ახალი წელი მოდის და ნეტა სახლში საჭმელი მაინც გვექნებაო... ღმერთი მოგვცემს-მეთქი ვუპასუხე. არ ვიცი როგორი იქნება ჩვენი ახალი წელი, მაგრამ ახლა მართლა ღმერთის და კეთილი ადამიანების იმედი მაქვს“, - ამბობს ფატიმა.  

ფატიმა და გიორგი მთელი ცხოვრება გადარჩენისთვის იბრძოდნენ, ახლაც ასეა...

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×