
საქსტატმა დღეს 2019 წლის ნოემბრის თვის ინფლაციის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, სამომხმარებლო კალათის ღირებულების წლიურმა ცვლილებამ 7% შეადგინა, რაც 2017 წლის ივნისის შემდგომ რეკორდული მაჩვენებელია, ის ამასთანავე, სებ-ის სამიზნე ინფლაციის მაჩვენებელს ორჯერ აღემატება. ცალკეული ჯგუფების მიხედვით, ინფლაცია ასეთია:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 13.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.02 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (30.3 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (16.2 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (15.4 პროცენტი), თევზეული (14.5 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (13.1 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (11.9 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (11.5 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (8.2 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (3.9 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (2.8 პროცენტი);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 15.4 პროცენტით, რაც 1.03 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმზე (29.9 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (3.4 პროცენტი);
დასვენება, გართობა და კულტურა: ფასები გაზრდილია 7.0 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.4 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა დასვენების, გართობისა და კულტურის ხანგრძლივი მოხმარების სხვა საქონელზე (11.6 პროცენტი), ასევე გასართობ და კულტურულ მომსახურებაზე (1.6 პროცენტი);
ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.1 პროცენტიანი მატება, რაც 0.37 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (9.6 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (3.0 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2.6 პროცენტი);
სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ფასები მომატებულია 7.4 პროცენტით, რაც 0.32 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა საზოგადოებრივ კვებაზე (8.4 პროცენტი) და ღამის გასათევით მომსახურებაზე (1.0 პროცენტი).