რეზონანსი
02.12.2019

ყველაზე კარგი სანახავი იქნება საპარლამენტო უმრავლესობის 92 „პატიოსანი გვამი", რომელიც მელიას საქმეზე გადაწყვეტილებას თავიდან მიიღებს, - ამის შესახებ „ევროპული-საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ „ბანკი ქართუს" გაკოტრების საქმეზე ნიკა მელიას განაჩენთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, იგი გამამტყუნებელ განაჩენს ელოდა.

„ჩვენ ვნახეთ ერთხელ ის სამარცხვინო სცენა, რაც უმრავლესობამ ჩაატარა მელიასთან დაკავშირებით, შეუწყვიტეს სხვა საქმეზე და პირდაპირ ციხეში გაუშვეს. ახლაც ასე იქნება როგორც ჩანს, პარლამენტიდან გაძევება უნდათ და ეს პირანიები, უმრავლესობა პირანიებად არის ჩამოყალიბებული, ალბათ დაძიძგნიან და მორიგ ჯერზე მელიას შეუწყვეტენ უფლებამოსილებას. მე ველოდებოდი, რომ გამამტყუნებელი განაჩენი იქნებოდა, რამდენად გაქაჩავდა პატიმრობას, ამაზე იყო საქმე. სასამართლომ მიიღო შუალედური გადაწყვეტილება. ახლა ყველაზე კარგი სანახავი იქნება საპარლამენტო უმრავლესობის 92 „პატიოსანი გვამი", რომელიც მელიას საქმეზე გადაწყვეტილებას თავიდან მიიღებს", - განაცხადა გიგი უგულავამ.

ცნობისთვის, „ბანკი ქართუს" გაკოტრების საქმეზე, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გამართლდა, მეორე ეპიზოდში - სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში კი მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული.

ნიკა მელიას 25 000 - ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×