
საკრებულოს, მერიის, ბაღებისა და გუბერნიის თანამშრომლები - ქუთაისის "გაერთიანებული ოპოზიციის" ლიდერებმა იმ პირების ვინაობები გაასაჯაროეს, რომლებიც მათი თქმით, შტაბის დარბევას გეგმავდნენ. საჯარო სამსახურების თანამშრომლებს ოპოზიციური პარტიების წევრები ქალაქში არეულობის მოწყობაში ადანაშაულებენ, საგამოძიებო უწყებებს კი, ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.
ქუთაისში მმართველი გუნდის მხარდაჭერების მიერ არეულობის მოწყობაში ხელისუფლებას ადანაშაულებენ "ნაციონალურ მოძრაობაშიც". როგორც ოპოზიციური პარტიის რეგიონული ოფისის ლიდერები აცხადებენ, შეკრებილებმა გარკვეული დაპირებების სანაცვლოდ "ქართული ოცნების" დავალება შეასრულეს.
არეულობაში საჯარო სამსახურების თანამშრომლების მონაწილეობას არ უარყოფენ მმართველ პარტიაში.
ქუთაისში "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შორის კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც გაერთიანებული ოპოზიციის წევრები "ქართული ოცნების" ოფისთან ბოქლომების დასადებად მივიდნენ.
საპასუხო აქციით "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მისულმა "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა "დაბოქლომებისგან" განსხვავებული პროტესტის ფორმა აირჩიეს. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც მმართველი პარტიის მხარდამჭერებმა პარტიის შენობას კვერცხები და ცოცხები დაუშინეს. უფრო მოგვიანებით კი, პროტესტი შეკრებილებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მმართველი პარტიის მხარდამჭერები გაერთიანებული ოპოზიციის შტაბთანაც იმყოფებოდნენ.
ორი პარტიის წევრებსა და მათ მხარდამჭერებს შორის არსებული დაპირისპირების გამო, ადგილზე სამართალდამცველების მისვლა და ჩარევა გახდა საჭირო. "ნაციონალური მოძრაობის" პარტიის ოფისთან სიტუაციის განმუხტვა სამართალდამცველებს გაუჭირდათ.