
გორის რაიონულმა სასამართლომ განიხილა ოჯახში ძალადობის ფაქტი. კერძოდ, პროკურატურა ბრალდებულ ბ.ქ.-ს ძალადობის 3 ეპიზოდსა და მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვას ედავებოდა.
პროკურორის მტკიცებით, ბრალდებული მეუღლეს წლების განმავლობაში სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას.
2018 წელს, მას შემდეგ, რაც ბ.ქ.-მ მეუღლეს ს..გ-ს "სქესის გამო შეუწყნარებლობის მოტივით" და მისი დამორჩილების მიზნით, რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახეში და ასევე რამდენჯერმე ფეხი ამოარტყა ფეხში, ქალმა მეუღლესთან განქორწინება მოითხოვა.
ძალადობის კიდევ ერთი ეპიზოდი, მათი გაყრის შემდეგ მოხდა.
"2019 წლის 19 აგვისტოს, საღამოს, სქესის გამო, დამორჩილების მიზნით, ყოფილ მეუღლეს რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახესა და ტანზე და დანით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ამავე დროს, ბ.ქ ყოფილ მეუღლეს დაემუქრა მისი მშობლების სიცოცხლის მოსპობით", - ირკვევა საქმის მასალებიდან.
გარდა ამისა, ამ ფაქტიდან 2 დღის შემდეგ, ბრალდებულის საცხოვრებელი ბინიდან სამართალდამცველებმა 163,62 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ნედლი მარიხუანა” ამოიღეს.
ბ.ქ.-მ ბრალდების ყველა ეპიზოდი აღიარა. მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა მას თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და 6 თვით მიუსაჯა.
აღსანიშნავია, რომ ბრალდებული წარსულში ნასამართლევია მკვლელობის მცდელობის გამო.
რადიო მოზაიკა