
(რეზონანსი) „იმედი გვაქვს, რომ მამას მალე გაათავისუფლებენ", - ასე პასუხობს საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის ქალიშვილი რუსი დიპლომატის, გრიგორი კარასინის განცხადებას, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ ექიმს უახლოეს დღეებში გაათავისუფლებენ.
როგორც ირინა გაფრინდაშვილი აცხადებს, მათ ხელთ არსებული ბოლო მონაცემებით, "წითელი ჯვრის" წარმომადგენლები ვაჟა გაფრინდაშვილს გუშინ შეხვდნენ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.
გაფრინდაშვილის თქმით, ექიმმა საპატიმროდან წერილი გამოაგზავნა სადაც აღნიშნავს, რომ მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„მამასთან დაკავშირებით ბოლო მონაცემები რაც გვაქვს ის არის, რომ გუშინ „წითელი ჯვრის" წარმომადგენლები შეხვდნენ მამას და მან წერილი გამოაგზავნა. ერთადერთი ინფორმაცია რაც მივიღეთ ორგანიზაციიდან ის არის, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. დამატებით იმ წერილში არაფერი წერია, უბრალოდ მისი ხელნაწერია და თავადაც წერს, რომ ნორმალურადაა. წერილში მოლოდინთან დაკავშირებით, რომ მალე შესაძლოა გათავისუფლდეს არაფერი ეწერა. მსგავს თემებზე არ ხდება საუბარი რადგან „წითელი ჯვარი" აკვირდება მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობას", - განაცხადა გაფრინდაშვილმა "2020NEWS"-თან.
ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს გაიტაცეს, ხოლო 15 ნოემბერს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.