რეზონანსი
29.11.2019

(რეზონანსი) პანკისის ხეობაში მოკლული 36 წლის ვისური მუთოშვილი გუშინ დაკრძალეს. უმძიმესი ფაქტი სოფელ საკობიანოში 27 ნოემბერს მოხდა. ქავთარაშვილებსა და მუთოშვილებს შორის დაპირისპირება უდიდესი ტრაგედიით დასრულდა. მოკლულია ერთი და დაჭრილია 3 ადამიანი, ისინი საავადმყოფოში აგრძელებენ მკურნალობას.

დაჭრილებიდან ერთ-ერთი პანკისის ხეობაში "ქართული ოცნების" კოორდინატორისა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მრჩევლის მერაბ ქავთარაშვილის ძმა, მურად ქავთარაშვილია.

არსებული ინფორმაციით, სწორედ მათ ჰქონდათ დაპირისპირება მუთოშვილებთან. ერთ-ერთი ვერსიით, გვარები ერთმანეთ პირადი მიზეზით გადაეკიდნენ, მეორე ვერსიით კი მკვლელობა, სავარაუდოდ, "ხადორი 3" ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას უკავშირდება.

ადგილობრივების თქმით, ამ ორი გვარის წარმომადგენლებს შორის, ამ ტრაგედიამდე, არაერთი დაპირისპირება მოხდა. რაც დრო გადიოდა ეს დაპირისპირება უფრო ღრმავდებოდა.

„ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი იყო და სამწუხაროდ, ასე ცუდად დამთავრდა და ამას ყველანი განვიცდით. ხეობაში 21 აპრილის დაპირისპირების შემდეგ იყო ახალგაზრდების შეკრება და იქ დასახელდა ის გვარები და სახელები ვინც ლობირებდა ჰესებს, ახსენეს ქავთარაშვილების გვარმა და ამას მოჰყვა დაპირისპირება. ყველაფერი გაღვივდა და დადგა ეს უმძიმესი შედეგიც. მანამდე, არ მგონია, მათ შორის რაიმე პრობლემა ყოფილიყო. როგორც ვიცი, ვინც ეს გვარები დაასახელა, მათ ჩაუსაფრდნენ კიდეც და ყველაფერი ასეთ მწვავე კონფლიქტში გადაიზარდა. ვიცი, ამ ზაფხულსაც იყო ინციდენტი და უხუცესები ცდილობდნენ რამენაირად მოეგვარებინათ ეს პრობლემა. პირადად მეც ვთხოვდი, რადგან ვხედავდი ძალიან ცუდისკენ მიდიოდა საქმე. ხეობა ძალიან პატარაა, ყველა ერთმანეთის ნათესავები ვართ. არავის აწყობს ამ პატარა ხეობაში გვარებს შორის დაპირისპირება. სიტუაცია შერიგებისკენ მიდიოდა, იმ დღეს იქ რა მოხდა, არ ვიცი

სამწუხაროდ, კარგი არაფერი ხდება. ჩვენი მენტალობიდან გამომდინარე რთულად არის საქმე, მითუმეტეს ამ შემთხვევაში, როცა განზრახ მკვლელობა ხდება, ეს მოუგვარებელი პრობლემაა. სამწუხაროდ, გვარიდან გვარს გადაეცემა და ღმერთმა დაგვიფაროს და 40-50 წლის შემდეგაც მომხდარა გვარებს შორის სისხლის აღება. ერთი ადამიანის უკან მთელი გვარი დგას. სრულიად უდანაშაულო, ძალიან ვაჟკაცი ბიჭი გახდა ამ დაპირისპირების მსხვერპლი. მის მეუღლეს ვიცნობ, ულამაზესი გოგოა, 5 შვილი ყავთ და ახლა მეექვსეს ელოდებიან", - აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები მექა ხანგოშვილი.

კვირისპალიტრა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×