2 დეკემბერს ლონდონში ნატო-ს მორიგი სამიტი იხსნება, რომელიც შესაძლოა ამ ორგანიზაციის მომავლისათვის გადამწყვეტი აღმოჩნდეს. მიზეზი ისაა, რომ შიდა კონფლიქტები და დაპირისპირება თავად ნატო-ში სულ უფრო აშკარა და მასშტაბური ხდება. ამაზე მეტყველებს კონკრეტული ფაქტები, რომელიც ლონდონის სამიტს უძღვოდა წინ - ნატო-ს წევრთა არაერთგვაროვანი დამოკიდებულება სირიაში თურქეთის მოქმედებაზე, ევროპელი მოკავშირეებისადმი აშშ-ის პრეზიდენტის კრიტიკული დამოკიდებულება, საფრანგეთის პრეზიდენტის სკანდალური განცხადება და ამასთან დაკავშირებით მისი კამათი გერმანიის კანცლერთან.
ცნობილია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნატო-სადმი სკეპტიკური დამოკიდებულებით გამოირჩევა. მან რამდენიმე თვის წინ საზოგადოებას განუცხადა, რომ უამრავ თანხას ხარჯავს ნატო-სთვის და ამასთან, არ არის ვალდებული დაიცვას ნატო-ს მეხუთე მუხლი. ეს უკანასკნელი ნიშნავს, რომ ნატო-ს ერთ-ერთ წევრ ქვეყანაზე თავდასხმა მასში გაწევრიანებულ ყველა ქვეყანაზე თავდასხმაა.
ასეთი მიდგომის პასუხი იყო საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუილ მაკრონის ცნობილი ფრაზა მის მიერ „ეკონომისტისთვის" მიცემული ინტერვიუდან იმის შესახებ, რომ „ ნატო-ს ტვინი სიკვდილს განიცდის".
ამ ფრაზამ მოკავშირეებში სერიოზული ვნებათაღელვა გამოიწვია. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ნატო ევროპისთვის დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის იყო ცივი ომის პერიოდში.
ამავე თემაზე, „ნიუ-იორკ თაიმსის" ცნობით, მერკელსა და მაკრონს შორის ბერლინის კედლის დაცემის 30-ე წლისთავზე გამართული საზეიმო მიღებისას მცირე შელაპარაკებაც მოხდა.
„მე მესმის თქვენი მისწრაფება დესტრუქციული პოლიტიკისკენ, მაგრამ მე დავიღალე თქვენი გაფუჭებული საქმეების გამოსწორებით. მე ისევ ვაწებებ თქვენს მიერ გატეხილ ჭიქებს, რათა ჩვენ ჩაის დალევა მოვახერხოთ", - „ნიუ იორკ თაიმსის" ცნობით, ამ სიტყვებით მიმართაგერმანიის კანცლერმა საფრანგეთის პრეზიდენტს, მაკრონმა კი საპასუხოდ განაცხადა:
„მე არ შემიძლია უბრალოდ წავიდე ნატო-ს სამიტზე ლონდონში და თავი ისე დავიჭირო, თითქოს აშშ და თურქეთი სირიაში ნატო-ს საერთი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდნენ".
ნატო-ს სამიტსა და მის გარშემო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით „რეზონანსი" საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრსა და ექსპერტ ირაკლი მენაღარიშვილს ესაუბრა:
„არ ვფიქრობ, რომ მომავალ კვირას დაგეგმილ ნატო-ს სამიტს დაეტყობა ის დაძაბულობა, რაც გაჩნდა გერმანიის კანცლერსა და საფრანგეთის პრეზიდენტს შორის. ევროპელ ლიდერებს კარგად ესმით, რომ მსგავს სიტუაციაში მთავარი ერთიანობაა, მაგრამ ეს საკითხი დღის წესრიგიდან არ მოიხსნება. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ამერიკის ხელმძღვანელობას მკაფიო დამოკიდებულება არ აქვს ალიანსის მომავლისა და მისი ფუნქციის თაობაზე", - აცხადებს მენაღარიშვილი.
კითხვაზე, თუ რა შედეგის მომტანი იქნება ნატო-ს მომავალი შეხვედრა საქართველოსთვის, მენაღარიშვილი პასუხობს:
„იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ალიანსი შეინარჩუნებს საკუთარ პოზიციას საქართველოსთან, როგორც ასპირანტ ქვეყანასთან დაკავშირებით და მისი პრინციპების ერთგულებას დააფასებს, რათა ჩვენს დაახლოებას ჰქონდეს სათანადო პერსპექტივა".
ალექსანდრე კორტავა