
26 ნოემბერს, ცაგერის სოფელ ლოჯანაში პოლიციელებს შორის მომხდარი შელაპარაკება მკვლელობით დასრულდა. მოკლულია ორი პოლიციელი და დაჭრილია კიდევ ერთი ადგილობრივი - 60 წლის მურთაზ სილაგაძე, რომელიც შეესწრო ფაქტს და როგორც ამბობენ, მოჩხუბარი პოლიციელების გაშველებას შეეცადა.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მოკლული პოლიციელი რომეო მანდარია "ქართული ოცნების" დეპუტატის, კარლო კოპალიანის ძმისშვილის მეუღლეა.
"რომეო ადგილობრივია,37 წლის. აგრესიული პიროვნება არ ყოფილა, მშვიდი და კარგი ადამიანი იყო. წლებია პოლიციაში მუშაობს და არასოდეს გაგვიგია მასზე ცუდი. ორი შვილის მამაა. რა მოხდა იქ, ნამდვილად არ ვიცით, მეორე პოლიციელი გოჩა ონიანია, ლენტეხის რაიონიდან" - ამბობს ცაგერის მკვიდრი, აკაკი პირველი.
ცაგერის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა:
"ორივეს პირადად ვიცნობდი, კარგი ადამიანები იყვნენ. მესამე დაჭრილი ადგილობრივია, რომელიც შეესწრო ამ ამბავს, ხელოსანი კაცია, გაშველებას ცდილობდა და მიიღო დაზიანება. ბიჭები პატრულირებდნენ ამ ტერიტორიაზე. ეს სოფელი დაშორებულია ცაგერიდან. მეწყვილეები იყვნენ იმ დღეს. ჩვენთან ზოგადად კადრები ძალიან მწირია და ამიტომ ძალიან რთულია მთელი რაიონის სრული კონტროლი. არ ვიცით, რა მოხდა. მანქანიდან გადმოსულები იყვნენ სოფელ ლაჯანას ცენტრში და იქ მოხდა შელაპარაკება. თვითმხილველი ის დაზარალებული პირია. გოჩა ადგილზე დაიღუპა, რომეო საავადმყოფოში, დაველოდოთ გამოძიებას ძალიან მძიმე ამბავი მოხდა".
დაჭრილი მალხაზ სილაგაძე ამ დრომდე ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობს. დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ. საქმეს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი იძიებს. მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს.
წყარო: კვირისპალიტრა